გრიგალავა „არსენალში“ დარჩენას აპირებს - ჩემზე კარგად არავინ იცის, მიშვებენ თუ არა გუნდიდან #1TVSPORT
გრიგალავა „არსენალში“ დარჩენას აპირებს - ჩემზე კარგად არავინ იცის, მიშვებენ თუ არა გუნდიდან #1TVSPORT

ტულას „არსენალის“ ქართველმა მცველმა, გია გრიგალავამ კლუბის ვებგვერდთან ვრცელ ინტერვიუში საკუთარ მომავალსა და ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა. 

– არსად იმდენ ხანს არ გითამაშიათ, როგორც ტულაში, სადაც 90-ზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარეთ.

– ჩემი კარიერის ყველა სეგმენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ტულა პირველ ადგილზეა, მეხუთე სეზონია „არსენალში“ ვარ. თუმცა, ეს ზღვარი არ არის, ჩვენ ერთად უფრო მეტსაც გავივლით.

– მაგრამ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „არსენალი“ თქვენთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს.

– მე ეს არ წამიკითხავს. ჟურნალისტებმა ჩემზე მეტი იციან? მე „არსენალთან“ ურთიერთობის გაგრძელება მსურს, თუ ხელმძღვანელობას ჩემი დარჩენა აწყობს.

– „არსენალში“ სახის ძვლები დაიზიანეთ, მაგრამ ახლა არც ერთი ნაკერი არ გაქვთ, თითქოს არაფერიც არ მომხდარა.

– მადლობა ყბა-სახის ქირურგ ალექსეი დრობიშევს. ოქროს ხელები აქვს. 2017 წლის ზაფხულში, ყაზანში, თავდამსხმელ ჯონატასთან ორთაბრძოლის შემდეგ, სახის მარცხენა მხარეს მუხლის დამარტყა. ამის გამო თითქმის სამი თვე გამიცდა, შემდეგ ვითამაშე, ნიღაბი მოვიხსენი, მაგრამ ეკატერინბურგში უკვე სახის მარჯვენა მხარეს მომხვდა. თუმცა, მაშინ გაცილებით ხანმოკლე პაუზა მქონდა.

– მეორე ტრავმის შემდეგ ქირურგი როგორ შეგხვდათ?

– მან ცხოვრებაში ყველაფერი ნახა, მაგრამ ორივე მხრიდან სახის ძვლებით დაზიანებული პაციენტი არასოდეს ჰყოლია. პირველი ასეთი პაციენტი მე ვიყავი. მისურვა, რომ მასთან აღარასოდეს მივსულიყავი. ორი დამცავი შავი ნიღაბი მქონდა. შემდეგ სლოვენიაში შესანიშნავი ვარიანტი ვიპოვნე და შემდეგ ის სხვებსაც ვურჩიე.

– მომხდარის შემდეგ შიში აღარ დაგრჩათ?

– საერთოდ, ასეთი გრძნობა არ მქონია, რომ რაღაცის გადალახვა მომიწეევდა. ყველაფერს მშვიდად ვიღებდი. თუ ბედია, რაც უნდა ეცადო, მას ვერ გაექცევი.

– ეს იყო ყველაზე მძიმე ტრავმები თქვენს კარიერაში?

– პირველი – ნამდვილად იყო. არ მსურს, ეს ვინმემ განიცადოს. მუხლი თვალთან ახლოს მომხვდა და შეიძლებოდა, მხედველობა დაზიანებულიყო. ტიპური ტრავმა ნამდვილად არ იყო, ზუსტად არავინ იცოდა, გამოჯანმრთელებას რამდენი ხანი დასჭირდებოდა დ ორგანიზმს რა რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ყველაფერი კარგად არის, რაც კარგად მთავრდება.

– საკუთარ სამშობლოს კარგად იცნობ?

– ჯერ ყველგან არ ვყოფილვარ, სვანეთის უკეთ გაცნობა მინდა. ეს საოცარი მხარეა, საოცარი ბუნება, მთები, უძველესი ეკლესიები, საცხოვრებელი კოშკები, რომლებიც ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნეშია აშენებული. შვებულების დროს საქართველოში ორი ან სამი კვირა ჩავდივარ, ზოგჯერ სხვა დღეებშიც, მაგრამ ყველაფრის სანახავად დრო არ მყოფნის.

– ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი ქართული ბრენდის Dalood-ის შავი ტყავის კაბით გამოჩნდა.

– გასაკვირი არ არის – ჩვენ ბევრი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს. ისინი Vetements-ა და Balenciaga-ში მთავარ როლებში არიან.

– თქვენი ძველი მეგობარი ანრი ჰაგუში სამწვრთნელო საქმიანობაზე გადაერთო.

– უახლოეს მომავალში საკუთარ თავს ამ როლში ვერ ვხედავ, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. დღეს შეიძლება მოვინდომო მწვრთნელი გავხდე, ხვალ – არა. მე ძალიან ემოციური ვარ ამგვარი საქმისთვის.