გია გრიგალავა - კვარაცხელია ტოპ კლუბში ითამაშებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდობა საქართველოშია #1TVSPORT
გია გრიგალავა - კვარაცხელია ტოპ კლუბში ითამაშებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდობა საქართველოშია #1TVSPORT

ტულის „არსენალის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ მცველს, გია გრიგალავას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან ქართულ ფეხბურთზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში ყველაზე ნიჭიერი მომავალი თაობა საქართველოში იზრდება.

– ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი წააგო. ემოციები დიდხანს შემოგრჩათ?

– ამის შემდეგ, ერთა ლიგის ორი თამაში გვქონდა – სომხეთთან და ესტონეთთან, მაგრამ განადგურებული ვიყავით. როდესაც ასეთ თამაშს წააგებ და ოცნება ქრება. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ მოგვეგო. ეს იქნებოდა საქართველოს ეროვნული დღესასწაული. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია, რომ ფინალში მივედით, ვიგრძენი, ეს რა იყო. იქნებ, შემდეგ ჯერზე უფრო გაგვიმართლოს.

– ჯერჯერობით, ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება თბილისის „დინამოს“ მიერ 1981 წელს მოპოვებული თასების მფლობელთა თასია?

– დიახ. შემდეგ ფეხბურთის ბუმი იყო. მამაჩემი მეუბნებოდა, რომ სტადიონზე ხალხი გასასვლელებში იჯდა და ფეხბურთელები ხელის გულზე ატარებდნენ და ხალხი მათ სახით ცნობდა.

– ვინ არის თქვენთვის ქართულ ფეხბურთში პირველი ნომერი?

– რთული არჩევანია. შეიძლება დავიწყთ მესხით, მაგრამ არიან ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი, დარასელია. კალაძემ „მილანში“ ყველაფერი მოიგო.

– ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ შთამბეჭდავად ათამაშდა. საბჭოთა პერიოდის ქართველი ვარსკვლავებიდან მას რომელი ჰგავს?

– იმ თბილისის „დინამოს“ ბევრი მატჩები არ მინახავს, ვიცი ნაწყვეტებით და მოგონებებით. ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ბიჭია, ის ტოპ კლუბში ითამაშებს. მსურს, რომ ტრავმის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელდეს. საერთოდ, ბევრი პერსპექტიული ბიჭი გვყავს. ყოფილი სსრკ- ს ახალგაზრდებიდან, ალბათ, ყველაზე ნიჭიერები საქართველოში არიან.

– გასულ შემოდგომაზე ევროპა ლიგაზე მოსკოვის „დინამოსთან“ თბილისის „ლოკომოტივის“ გამარჯვებაზე რა რეაქცია გქონდა?

– მეტოქეები განსხვავდებოდნენ როგორც მოთამაშეთა დონით, ასევე ფინანსებით, მაგრამ ფეხბურთი იმიტომაც უყვართ, რომ არაპროგნოზირებადია. თბილისელებმა მოსკოველებს მონდომებით აჯობეს. მე „ლოკომოტივს“ ვგულშემატკივრობდი და გამიხარდა, რომ შემდეგ ეტაპზე ისინი გავიდნენ.

– ცოტა ხნის წინ ბათუმში ლამაზი სტადიონი აშენდა.

– საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, აშენდა მრავალი მოედანი მცირე ტრიბუნებით. ბათუმში ახლა საერთაშორისო მატჩების ჩატარება შეიძლება, ადგილობრივი „დინამო“ საინტერესო გუნდია. ეროვნულ გუნდს სურდა იქ თამაში, მაგრამ მაშინ საფარის პრობლემა წარმოიქმნა.