გოლდენ სტეიტმა კარის გარეშე მოიგო - ჰიუსტონი ფორმაში შედის
გოლდენ სტეიტმა კარის გარეშე მოიგო - ჰიუსტონი ფორმაში შედის

დღეს დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამი მატჩი გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა, დენვერში შედგა, სადაც ადგილობრივმა „ნაგეტსმა“ ჰიუსტონ „როკეტსს“ უმასპინძლა. „პეპსი ცენტრში“ ჩატარებული თამაშის პირველი ტაიმი, თანაბარი გამოდგა. სტუმრებმა, მესამე მეოთხედში 11 ქულიან უპირატესობას მიაღწიეს, რაც მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ და საბოლოოდ 109:99 გაიმარჯვეს. მიმდინარე სეზონში, შესანიშნავ ფორმაშია, კლინტ კაპელა, ჰიუსტონელთა ცენტრმა, ამჯერად 24 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა. ორმაგი დუბლი შეასრულა ჯეიმს ჰარდენმა, გუნდის ლიდერის ანგარიშზე, 22 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემაა. „როკეტსი“ ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას იბრუნებს და დასავლეთ კონფერენციაში, პლეი-ოფის ზონას უახლოვდება. მომდევნო ტურში, მაიკ დ ანტონის გუნდი, საკუთარ მოედანზე „გოლდენ სტეიტს“ მიიღებს.

მოქმედმა ჩემპიონმა, გასულ ტურში „კლიპერსთან“ წაგების შემდეგ, რეაბილიტაცია მოასწრო და საკუთარ „ორეკლ არენაზე“ აღმოსავლეთის აუტსაიდერი, ატლანტა „ჰოქსი“ 110:103 დაამარცხა. ოკლენდელებმა, კვლავ სტეფ კარის გარეშე ითამაშეს, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. კარის არ ყოფნაში, ლიდერობა ისევ კევინ დიურანტმა იტვირთა. ფროვარდის ანგარიშზე, 29 ქულა და 6 მოხსნა დაფიქსირდა. კლეი ტომპსონმა 24 ქულა მოიპოვა. გოლდენ სტეიტი 12 მოგებით და 3 მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

დღესვე, კლივლენდ „კავალიერსმა“ საკუთარ მოედანზე, დიდი სხვაობით, შარლოტ „ჰორნეტსს“ მოუგო – 113:89.