„გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია - დონჩიჩის სამმაგი დუბლი შარლოტთან
„გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია - დონჩიჩის სამმაგი დუბლი შარლოტთან

„გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ საკუთარ მოედანზე „სან ანტონიო სფერსი“ შეარცხვინა. გრეგ პოპოვიჩმა მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობით თამაში გადაწყვიტა და გუნდის რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მისცა. ამის გამო, მასპინძლებმა მეტოქე დასაჯეს და მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი აგემეს. „ორეკლ არენაზე“ გამართულ მატჩში, ოკლენდელებმა ყველა მეოთხედი მოიგეს, რამაც საბოლოო ჯამში, 39-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა. 141:102 „გოლდენ სტეიტის“ სასარგებლოდ. გამარჯვებულთა ლიდერი კლეი ტომპსონ იყო, 26 ქულით. „უორიორზი“ დასავლეთ კონფერენციაში უკვე ერთპიროვნული ლიდერია, მით უმეტეს, რომ თავისი შეხვედრა წააგო „დენვერ ნაგეტსმა“. კოლორადოელები ბრუკლინში დამარცხდნენ, ანგარიშით 130:135. სტივ კერის გუნდს 38 მოგება და 15 მარცხი აქვს. მომდევნო ტურში „გოლდენ სტეიტი“ აუტსაიდერი „ფინიქს სანზის“ დამარცხებას შეეცდება.

ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლით „დალას მავერიქსმა“ საკუთარ „ემერიქან ეირლაინს არენაზე“ „შარლოტ ჰორნეტსი“ ანგარიშით 99:93 დაამარცხა. სეზონის დებიუტანტმა სლოვენიელმა 19 ქულა 11 გადაცემა და 10 მოხსნა ჩაიწერა პირად აქტივში. დალასელები პლეიოფში მოსახვედრად იბრძვიან. რიკ კარლაილის გუნდს ჯერჯერობით მოგება-წაგების უარყოფითი ბალანსი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „მავერიქსი“ საკუთარ დარბაზში აღმოსავლეთის ლიდერ „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.