გოგიტა თოდრაძე - დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9 პროცენტით გაიზარდა
გოგიტა თოდრაძე - დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9 პროცენტით გაიზარდა

დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6.9 პროცენტით; აქედან გამომდინარე, 2021 წლის ათი თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 10.5 პროცენტი, – ამის შესახებ საქსტატის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

თოდრაძის თქმით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში მშენებლობის და სამთო-მოპოვებოთი მრეწველობის სექტორების გარდა, სადაც შემცირების ტენდენცია გამოვლინდა. განსაკუთრებით კი, აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში, ხელოვნების, გართობის, დასვენების, ენერგეტიკისა და საფინანსო საქმიანობის სექტორებში.

„2021 წლის ათი თვის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაზრდილია 25 პროცენტით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 22 პროცენტით. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ ოქტომბერში ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.4 პროცენტით გაიზარდა.

2021 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 4 235 ახალი საწარმო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.7 პროცენტით აღემატება. თითქმის 26 პროცენტით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 9 742 000 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, თუმცა ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასევე მინერალური სასუქების და ტანსაცმლის წარმოების მოცულობის გაფართოებამ. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 70 პროცენტით გაიზარდა ფერო-სილიკო მანგანუმის ექსპორტი, სამჯერ და მეტად გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი.

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდის ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო საჯარო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან. გარდა ამისა, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების ზრდის პარალელურად, გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელიც.

ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებში ზრდის გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდა, თუმცა ერთ-ერთი მიზეზია ასევე დასვენების, გართობის და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული კომპანიების შემოსავლების მატებაც.

ენერგეტიკის სექტორში ზრდის მიზეზად სახელდება ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის გაფართოება. მოგეხსენებათ, აღნიშნული მაჩვენებელი გაორმაგებულია 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით“, – განაცხადა თოდრაძემ.

გოგიტა თოდრაძის თქმით, საფინანსო საქმიანობის სექტორს რაც შეეხება, ზრდის გამომწვევ მიზეზად კვლავ სახელდება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გაცემულ გრძელვადიან სესხებთან.

„როგორც უკვე მოგახსენეთ, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა მშენებლობის და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში. მშენებლობის სექტორში შემცირება შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სამოქალაქო და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად გზების მშენებლობა, გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობა და ა.შ.

რაც შეეხება სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორს, კლების გამომწვევ მიზეზად სახელდება ფერადი ლითონის მადნების და ინერტული მასალების მოპოვების შემცირება“, – აცხადებს გოგიტა თოდრაძე.