რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საქალაქო სასამართლოში მასსა და ეკა გიგაურს შორის დავაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ პროცესი მორალს ეხება და არა სისხლის სამართალს.
„ჩვენ განვიხილავთ მორალურ ასპექტს იმისთვის, რომ სასამართლოსთვის და საზოგადოებისთვის ნათელი იყოს, რა მორალთან გვაქვს საქმე. ჩვენ წარმოვადგინეთ დოკუმენტები. გარდა ამისა, მოწმე ბადრი ბიწაძე ჩვენ მიერ იყო მოწვეული, მაგრამ ჩვენი მოწმე იყო არა იმიტომ, რომ ჩვენი ინტერესებისთვის საჭირო ჩვენება უნდა მოეცა, არამედ იმიტომ, რომ მას უნდა მიეცა ჩვენება, თუ რა იყო რეალურად. სამწუხაროდ, ბიწაძემ იცრუა და მე ამას დავადასტურებ. მეორე მოწმე კი, რომელიც გამოვიძახეთ, მერაბიშვილი, რომელიც იყო უშუალო მონაწილე იმ პროცესების, საერთოდ არ მოვიდა პროცესზე და დაიმალა.
სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე ცრუობს, როდესაც თავის ჩვენებაში ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთზე, დაღესტანი-ინგუშეთის და სხვა ნაწილებზე ვანაწილებდით სპეცრაზმებიდან, რათა საზღვრის დაცვა მოხდესო, ეს მთავრდება ოქტომბრის ბოლოს, მისი ჩვენების მერე ჩვენ გამოვითხოვეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ბრძანება, სადაც ნათლად წერია, რომ არანაირი ოქტომბრის და ნოემბრის ბოლოს არანაირი ეს პროცესები არ მიმდინარეობს. ჩვენ არაფერზე შევეკამათეთ ბატონ ბადრის, ჩვენ მას უბრალოდ მოვუსმინეთ, აქ არის მარტის, თებერვლის და აპრილის ბრძანებები, სადაც დასტურდება რომ ბადრი ცრუობს, როდესაც ამბობს რომ რაიმე სახის საქმიანობა საზღვარზე ოქტომბერში წყდება, რადგან, თურმე იქ მეტეოროლოგიურად მძიმე პირობებია. ეს არის სიცრუე. მე ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ სპეციალურად მოვიყვანე, რომ ეს სიცრუე საზოგადოებას ენახა.
მე დავუდასტურებ ბიწაძეს, რომ ცრუ ჩვენება მისცა. მეორე სიცრუეს რაც შეეხება, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანება, სადაც მეორე პუნქტში წერია – 2007-2009 წელს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ფულადი ჯილდო პრემიის სახით გასცემდა მხოლოდ და მხოლოდ კვარტალურად და ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში და სადღესასწაულოდ, 7 ნოემბრის მოვლენები რომ ზუსტადაც განსაკუთრებულ შემთხვევას განეკუთვნებოდა. მესამე სიცრუე, როცა ბადრი ბიწაძემ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული იყო 12:00 საათზე, საგანგებო მდგომარეობა თბილისში გამოცხადდა შვიდ საათზე და ამის შესახებ გამოაცხადა ნოღაიდელმა, გამოაცხადა მხოლოდ თბილისის მასშტაბით და არა საქართველოს მაშტაბით. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ მეორე დღეს დაწესდა და ისიც ბათუმის მოვლენების გამო“, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.
მისი თქმით, შსს-დან გამოითხოვა ბრძანება საგანგებო მდგომარეობის შესახებ, სადაც წერია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით სოციალური დავალების შესასრულებლად მივლინებული სწრაფი რეაგირების რაზმის 128, საავიაციო რაზმის 22 და რაზმის დისლოკაციის ადგილზე მყოფი 23 მოსამსახურე.
„სულ 173 ადამიანი აყვანილი იყვნენ კვების კმაყოფაზე, ვერავითარ შემთხვევაში 22 მოსამსახურე ახალციხის, წითელი ხიდის 24 მოსამსახურე და ა.შ. ვერ მოასწრებდნენ ახალციხიდან, ვერც წითელი ხიდიდან თბილისში ჩამოსვლას თერთმეტი საათისთვის. ისინი აქ იმყოფებოდნენ, როგორც სპეცრაზმი და მხოლოდ ეს ბრძანება ადასტურებს, რომ კვების კმაყოფაზე იყვნენ აყვანილი მას მერე, რაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ამ ხალხის თბილისში გამოგზავნის საჭიროება არ იყო, გარდა ერთისა, 7 ნოემბრის აქციის დარბევის ორგანიზება.
როცა ადვოკატები მესაუბრებიან კანონიერებაზე, რა კანონიერება იყო საკააშვილის დროს და რა კანონის დამცველი იყო მერაბიშვილი და ბიწაძე. ეს ვნახეთ 7 ნოემბერს. მეოთხე სიცრუეზე ვთქვათ, ჯილდოზე წარდგენილი ყოფილა გიგაური კარგი რეფორმების გამო, მხოლოდ გიგაურმა ჩაატარა რეფორმა? ამდენი პუნქტი იყო და ამდენი ადამიანი შრომობდა და მხოლოდ გიგაური წარადგინეს, აღინიშნა რომ ისეთი დიდი რეფორმაა ჩაატარა, რომ კაპიტნის წოდება მისცეს? სხვა ადამიანი რეფორმაზე არ არის დაჯილდოებული, ერთადერთი ბადრი ბიწაძეს პროტეჟე ეკა გიგაური არის დაჯილდოებული. არცერთი დოკუმენტი არ წარუდგენიათ, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის სიმართლეს ადასტურებს. ჩვენ წარვადგინეთ არაერთი ბრძანება. მე არასდროს მითქვამს, რომ გიგაური არბევდა 7 ნოემბერს მომიტინგეებს. ეს არის სიცრუე და მე ამ სიცრუეს შევეჩვიე, რადგან ესენი სულ ცრუობენ, გიგაურმა სამი დღის წინ ისეთი სიცრუე თქვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისეთი ცილი დასწამა ქვეყანას, მეტი სიცრუე რა შეიძლება. მე დამაბრალეს, რომ ცილს ვწამებ და საერთოდ არ უნდა წარმომედგინა დოკუმენტები, მაგრამ მე წარმოვადგინე დოკუმენტები, სადაც დასტურდება, რომ გიგაურმა წარადგინა ეს ადამიანები პრემიაზე და არა ბიწაძემ. ჩვენ მორალზე ვსაუბრობთ, რომელ ღირსებაზე და მორალზე შეიძლება ველაპარაკო იმ ადამიანს, რომელმაც 26 ნოემბერს, იმის შემხედვარე, რაც ჩაიდინა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც პასუხისგებაშია მოცემული, იმისგან ჯილდოს და წახალისებას რომ მიიღებ. აი, იმ მორალით იცხოვროს ეკა გიგაურმა, ბადრი ბიწაძემ და ყველამ“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე გოგა ხაინდრავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის დავაზე გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, 12:00 საათზე გამოცხადდება.