გოგა ხაინდრავა - მინდოდა, საზოგადოებას გაეგო, რას წარმოადგენენ ბადრი ბიწაძე და მისი პროტეჟე, კაპიტანი ეკა გიგაური
გოგა ხაინდრავა - მინდოდა, საზოგადოებას გაეგო, რას წარმოადგენენ ბადრი ბიწაძე და მისი პროტეჟე, კაპიტანი ეკა გიგაური

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის დავაზე გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, 12:00 საათზე გამოცხადდება. დღეს მოსამართლემ მხარეები დასკვნით სიტყვას მოუსმინა.

როგორც გოგა ხაინდრავა ამბობს, მისთვის მთავარი იყო, აღნიშნული სასამართლო სხდომები საჯარო ყოფილიყო.

„აღარანაირი მოლოდინი არ მაქვს, ჩემთვის მთავარი იყო, რომ ეს პროცესი გამხდარიყო საჯარო და ეს ავასრულე. მინდოდა, საზოგადოებას გაეგო, ვისთან გვაქვს საქმე, რას წარმოადგენს ბადრი ბიწაძე, რას წარმოადგენს მისი პროტეჟე, კაპიტანი ეკა გიგაური, რას წარმოადგენდა მაშინ ის დაწესებულება, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ, რას ჩადიოდა ეს რეჟიმი საქართველოში მათი მონაწილეობით, განსაკუთრებით გიგაურის მონაწილეობით. განსხვავებით კაპიტანი გიგაურისგან, ჩვენ უამრავი დოკუმენტი წარვადგინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომელიც ცალსახად ადასტურებს ჩვენ სიმართლეს, რომ ეკა გიგაურმა კაპიტნის წოდება მიიღო იმის გამო, რომ წაახალისა ის სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც მონაწილეობდა 7 ნოემბრის მოვლენებში და ეს დასტურდება საბუთებით. ეკა გიგაურმა ვანო მერაბიშვილის ხელიდან მიიღო წახალისება – ვადამდელი კაპიტნის წოდება, რაც თავისთავად მეტყველებს მის მორალსა და ღირსებაზე. ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე – ეს არის მორალის საქმე, პრინციპების საქმე და რა მორალი აქვს, ამ ფაქტებითაც დასტურდება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

სასამართლო სხდომას კვლავ არ ესწრებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური. მისი უფლებადამცველის თეონა ზაქარაშვილის განცხადებით, პრაქტიკულად გაბათილდა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც თითქოს ადასტურებდა ხაინდრავას და ადამაშვილის პოზიციას, რომ ეკა გიგაური მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციის დარბევაში და ამის გამო მიიღო წოდება.

„ეს გააბათილა მათმა მოწმემაც, საუბარია ბადრი ბიწაძეზე, ეს გააბათილა ჩვენმა არგუმენტებმა, გაბათილდა კანონი მოთხოვნით, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ეკა გიგაურის სარჩელს და დააკისრებს ხაინდრავასა და ადამაშვილს 30 თეთრს, მოხდება მათი განცდების ცილისწამებად შეფასება“, – განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში. ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს. რეჟისორი გოგა ხაინდრავა კი აცხადებს, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს. ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო. მისივე ხელმოწერით კი 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოელი მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.

დატოვე კომენტარი