გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ბოსტონთან“ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ში პლეი ოფის ეტაპი გრძელდება. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი ეტაპის სერიის მესამე შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდა, 95:93 გაიმარჯვა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა – 1:2.

მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ბითაძეს აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო „ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო 32 ქულით გერმანელი ფრანც ვაგნერი გახლდათ, 29 ქულა ჰქონდა პაოლო ბანკეროს, ხოლო ფლორიდელთა ცენტრმა, ვენდელ კარტერმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა, 12 მოხსნა.

„ბოსტონ სელტიქსს“ ლიდერად ჯეისონ ტეიტუმი მოევლინა, მან მატჩი 36 ქულით დაასრულა, 19 ქულა იყო ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე.

სერიის მეოთხე მატჩიც ორლანდოს საშინაო არენაზე 28 აპრილს ჩატარდება.