გოგა ბითაძის „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალს მიუახლოვდა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის პლეიოფის მეოთხე შეხვედრა საკუთარ მოედანზე აღმოსავლეთ კონფერენციაში რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდთან, „დეტროიტ პისტონსთან“ გამართა, 94:88 გაიმარჯვა და სერიაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა – 3:1.
„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 13 წუთი დაუთმო – ბითაძის ანგარიშზე 2 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება იყო.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი დესმონდ ბეინი გახლდათ – 22 ქულა.
გუნდებს შორის მეხუთე მატჩი 30 აპრილს „დეტროიტის“ დარბაზში ჩატარდება. გამარჯვების შემთხვევაში „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავა.