გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი მატჩები ჩაატარეს #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ და გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი მატჩები გამართეს.
„ტორონტო რეპტორსმა“ საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიქსი“ 107:105 დაამარცხა. მამუკელაშვილმა მწვრთნელისგან 21 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მან თამაშიდან მეტოქის ფარს 7-ჯერ შეუტია და 2 ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა, ასევე 3 საჯარიმო გამოიყენა.
„ორლანდო მეჯიქმა“ სტუმრად დამაჯერებლად მოუგო „ფილადელფიას“ – 128:98. გოგა ბითაძემ მოედანზე 15 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 11 ქულა 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. ბითაძემ 7-დან 5 ორქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა.
მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 12 ოქტომბერს „ვაშინგტონ უიზარდსთან“ ჩაატარებს, ხოლო „ორლანდო“ 13 ოქტომბერს „მაიამის“ დაუპირისპირდება.
NBA-ის რეგულარული სეზონი 22 ოქტომბერს დაიწყება.