გოგა ბითაძე ტრავმირებულია და მისი თამაში „მილუოკის“ წინააღმდეგ საეჭვოა #1TVSPORT
„ორლანდო მეჯიქის“ მთავარი მწვრთნელის, ჯამალ მოსლის თქმით, გოგა ბითაძემ გუნდის ვარჯიში გამოტოვა, რადგან ტრავმა აქვს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა დაზიანება „ფილადელფიასთან“, NBA-ის რეგულარული სეზონის გასული ტურის შეხვედრაში მიიღო.
„გოგა ბითაძემ საწვრთნელი პროცესი გამოტოვა, მას მენჯ-ბარძაყის ტრავმა აქვს“, – განაცხადა „ორლანდოს“ მწვრთნელმა, ჯამალ მოსლიმ.
მედიის ინფორმაციით, ბითაძის თამაში 16 იანვარს, „მილუოკი ბაქსთან“ შეხვედრაში საეჭვოა. ჯერ უცნობია, როდის შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას.
მიმდინარე სეზონში ქართველ კალათბურთელს „ორლანდოში“ სათამაშო დრო გაეზარდა. ის საშუალოდ 25 წუთს თამაშობს, რა დროის მანძილზეც 9.6 ქულას, 8.2 მოხსნას, 2.4 შედეგიან გადაცემას და 1.6 დაფარებას აგროვებს.