გიორგი ვაშაძე - ვერ მოვატყუებ მხარდამჭერებს და ვერ დავუჭერ მხარს სისტემას, რომელიც არ არის მიახლოებული პროპორციულთან
გიორგი ვაშაძე - ვერ მოვატყუებ მხარდამჭერებს და ვერ დავუჭერ მხარს სისტემას, რომელიც არ არის მიახლოებული პროპორციულთან

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე თავის პოზიციაზე რჩებიან.

„ვინც თამაშობს სკამებით და ფიქრობს, რომ მანდატებით ვინმეს იყიდის, ეს არის „ქართული ოცნება“, როცა ნელ-ნელა აგდებს 100/50, ახლა 110/40 და ასე შემდეგ ვერსიებს. რაციონალური თანაფარდობა იყო ჩვენი მხრიდან ნათქვამი – 130/20. დანარჩენს ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიხილავთ არც ერთ შემთხვევაში. სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა იზიარებს ჩვენს პოზიციას“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ მხარდამჭერებს ვერ მოატყუებს და მხარს ვერ დაუჭერს ისეთ სისტემას, რომელიც არ არის პროპორციულთან მიახლოებული.

„ვერ მოვატყუებ მხარდამჭერებს და აქედან გამომდინარე, ვერ დავუჭერ მხარს ისეთ სისტემას, რომელიც არ არის მიახლოებული პროპორციულთან; რომელიც არის ტყუილი და თაღლითობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ციფრების კალამბურით, რომელიც ახლა შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“, უნდა, რომ დაბნეულობა შემოიტანოს. ძალიან მარტივი საკითხია, რომელიც ძალიან მარტივად წყდება 130/20-თი“, – აცხადებს ვაშაძე.