გიორგი ვაშაძე - ერთი კვირაა დარჩენილი, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება თეორიულად მაინც განხორციელდეს და ამ ერთ კვირაში ყველაფერს ვნახავთ
გიორგი ვაშაძე - ერთი კვირაა დარჩენილი, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება თეორიულად მაინც განხორციელდეს და ამ ერთ კვირაში ყველაფერს ვნახავთ

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს აღელვებთ საქართველოში დემოკრატიული განვითარება. ამის შესახებ ვაშაძემ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ბევრი სხვადასხვა ტიპის თემა იყო განხილული. ოპოზიციის მხარდამჭერებს მინდა, ვუთხრა – ხალხნო, მოვემზადოთ არჩევნებისთვის, რა სისტემით და რა მოდელითაც უნდა ჩატარდეს, რადგან ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებად გასაშვებია ხელისუფლებიდან. მათ არც გაჭირვება, არც სიღარიბე, არც უამრავი პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაში არის, არ აღელვებთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი მკითხავთ ციფრებთან დაკავშირებით და ამ ციფრებზე საუბარიც ყელში ამოუვიდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ძალიან მარტივი საკითხია, სულ არის დარჩენილი მაქსიმუმ ერთი კვირა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება თეორიულად მაინც განხორციელდეს და ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველაფერს ვნახავთ. მე, პირადად, ვემზადები, რომც იყოს დღევანდელი საარჩევნო სისტემა, ამ საარჩევნო სისტემაშიც, ოპოზიციამ მოიპოვოს გამარჯვება. ოპოზციის ერთობას ბოლომდე დავუჭერ მხარს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მიწვევით ვახშამი გაიმართა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.