გიორგი შერმადინი ტრავმას მკურნალობს - ბევრად უკეთ ვარ #1TVSPORT
გიორგი შერმადინი ტრავმას მკურნალობს - ბევრად უკეთ ვარ #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერი გიორგი შერმადინი ზურგის ტრავმას მკურნალობს. მან დაზიანება 25 სექტემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში მიიღო, როდესაც მისმა გუნდმა ბილბაოს 89:79 სძლია. გიორგი 19 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით საუკეთესოდ დასახელდა.​

„შერმადინი მომჯობინების გზას ადგას და ველით, რომ ყველაფერი დათქმული ვადებისდა მიხედვით წარიმართება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და გვახსოვდეს ტოდორივიჩის შემთხვევა, როდესაც ავჩქარდით და საქმე გავაფუჭეთ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, თუმცა, ყველას კარგად გვესმის, ჩვენთვის გიო რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა, ამდენად, სიფრთხილეა საჭირო“, – აღნიშნა „ტენერიფეს“ პრეზიდენტმა ფელიქს ერნანდესმა.

გიორგიმ რენტგენი სამშაბათს გადაიღო და როგორც თავად ამბობს, მდგომარეობა უკეთესადაა.

„ექიმების მითითებებს მივყვები, მკურნალობა გეგმიურად მიდის. რაც მთავარია, ბევრად უკეთ ვარ. ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. როდის ვითამაშებ, ჯერ რთული სათქმელია, ვიდრე რეაბილიტაცია სრულად არ დასრულდება, დასვენება მომიწევს“, – გვითხრა შერმადინმა.