გიორგი შენგელია - ინვესტორები ჩამოვიდნენ და „ტორპედოს“ გადაცემა მალე უნდა დასრულდეს
გიორგი შენგელია - ინვესტორები ჩამოვიდნენ და „ტორპედოს“ გადაცემა მალე უნდა დასრულდეს

ქუთაისის „ტორპედოს“ სპორტულმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მედიასთან წინასასეზონო პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ იტალიელ ინვესტორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება.

„გუნდს ისევ იტალიელი ინვესტორები ჰყავს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ყველაფერი მოგვარდება და ქუთაისის „ტორპედოში“ ყველაფერი კარგად იქნება. ამის თქმის უფლებას ის გვაძლევს, რომ იტალიელი ინვესტორები ჩამოსულები არიან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესათანხმებელი რამდენიმე საკითხი დარჩა. კლუბის გადაცემაც ახლო მომავალში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

გიორგი ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის, „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობის ერთ-ერთი ლიდერის, რამაზ შენგელიას შვილია. ის კლუბის პრეზიდენტმა, ფაბიო მანინომ შარშან წარადგინა.

გიორგიმ საფეხბურთო კარიერა სწორედ „ტორპედოში“ დაიწყო და კლუბის ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გიორგი შენგელია წლების განმავლობაში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, კარიერა ნაადრევად ტრავმის გამო დაასრულა. ქუთაისის ცენტრალური სტადიონი (რომელიც „ტორპედოს“ საშინაო არენაა) ქუთაისელთა ახალი სპორტული დირექტორის ლეგენდარული მამის რამაზ შენგელიას სახელს ატარებს

ინვესტორებთან მოლაპარაკებაზე კომენტარი ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამაც გააკთა:

„ახალ სეზონში „ტორპდოში“ ყველაფერი გამართულად იქნება თუ არა, ეს კითხვა მე არ მეხება. მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ჩამოსულები არიან იტალიელები და ალბათ, ამ პასუხს ისინი გაგცემენ“.