გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნებისთვის სასჯელებს მოსამართლე 20 ნოემბერს განსაზღვრავს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნებისთვის სასჯელებს მოსამართლე 20 ნოემბერს განსაზღვრავს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნებისთვის სასჯელებს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე 20 ნოემბრის სხდომაზე განსაზღვრავს.

ადვოკატი ზაქრო გვიშიანი აცხადებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

„ეს არ გამომდინარეობდა მტკიცებულებებიდან. აღსრულდა ის სცენარი, რაც იყო. მოსამართლემ მოუსპო მომავალი ექვს ახალგაზრდას. სუბიექტური, დაუსაბუთებელი, სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. მახინჯი პრაქტიკა დამკვიდრდა. იმედია, სააპელაციოში ღირსეული მოსამართლეები დაგვხვდებიან“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აღნიშნავს, რომ მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო ასეთი განაჩენი.

„აბსოლუტურად მოულოდნელი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება არა მარტო ჩემთვის, არამედ აქ მყოფი ყველა დამცველისთვის, მათ შორის ბრალდებულებისთვის. შესაბამისად, არ ვიცი, რით შეიძლება დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება საკუთარ განაჩენში მცხეთის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სასამართლოს პირველი დღიდან ჩვენ ვამბობდით, საქმეში არ არის მტკიცებულება. ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს რაც შეეხება, განაჩენის ჩაბარების შემდგომ აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ დაუსაბუთებელია, არამედ საფრთხეს უქმნის მთლიანად სისხლის სამართლის საქმეს მომავალში“, – აღნიშნა არჩილ ბერიანიძემ.

საქმის პროკურორი ანა გუგუტიშვილი კი აცხადებს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებოდნენ.

„გვქონდა ეს მოლოდინი, რადგან მტკიცებულებების შეფასებით სხვა მოლოდინი წარმოუდგენელია. გვქონდა მოლოდინი და გამართლდა. ეს მტკიცებულებები იყო შეთანხმებული ერთმანეთთან, ვეთანხმებით ამ განაჩენს, იყო სწორი და კანონიერი.

ადვოკატები ხშირად არასწორ განმარტებებს აკეთებდნენ ამ საქმეზე ეს მხოლოდ მათი პოზიციებია. საქმეში სახეზე იყო არაერთი მტკიცებულება, მოწმეთა ჩვენებები და რატომ იყო ეს განაჩენი დაცვისთვის მოულოდნელი, მე ვერ ვხვდები“, – განაცხადა ანა გუგუტიშვილმა.

სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი დღეს გამოუტანა.