გიორგი სარდალაშვილი - დედაჩემის ცრემლებმა დამაფიქრა, რომ მეტი უნდა ვივარჯიშო, არ უნდა გავჩერდე [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოს ვაჟთა ნაკრები ათწლეულებია, მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ-გუნდია და თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ უახლოეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ოპტიმიზმის საფუძველს ახალგაზრდულ ტურნირებზე ნაჩვენები შედეგები და შიდა პროექტები იძლევა.

უკანასკნელ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ნამდვილად უნიკალური შედეგია. აქამდე, გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი ამ რანგის ტურნირზე ორი ოქრო იყო. ეს მედლები „პროექტ 2020-ისა“ და „პროექტ 2024-ის“ წევრებმა დაისაკუთრეს. მათგან ყველაზე ახალგაზრდა, 18 წლის გიორგი სარდალაშვილი, „ტაიმაუტის“ (რუბრიკა „დაიმახსოვრეთ“) სტუმარი იყო. ის ამ რუბრიკაში მოხვედრილი მეორე ძიუდოისტია და იმედია, გულშემატკივარს თავს პირველივით (ლაშა ბექაური) დაამახსოვრებს.

– დავიბადე დედოფლისწყაროში და გავიზარდე სოფელ სამთაწყაროში. ხუთი წლის ვიყავი, რუსთავში რომ გადავედით. მყავს ერთი ძმა, რომელიც ჩემზე სამი წლით უფროსია. თავიდანვე ერთად დავიწყეთ – ჩემი ძმაც ვარჯიშობდა.

– რუსთავში ძიუდოზე შვიდი წლის ასაკში შევედი. მე და ჩემი ძმა ხვიჩა კაპანაძესთან ვვარჯიშობდით. დავდიოდი ცურვაზე, რადგან ეს სპორტსმენს განვითარებაში ხელს უწყობს.

– ძალიან ცუდი პირობები იყო. მამაჩემის ლაპარაკმა და გამხნევებამ ძიუდოში დარჩენა და სპორტული კარიერის გაგრძელება გადამაწყვეტინა. 

– ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი 2016 წელს წყალტუბოში გავხდი. იმ დროს ჩემთვის ეს ძალიან დიდი ტიტული იყო. პირველი მედალი 2011 წელს მოვიგე – 23 კილოგრამში ვჭიდაობდი და თბილისში პირველი ადგილი დავიკავე.

– „პროქტი 2020-მა“ რომ გაამართლა, „2024-ის“ შექმნაც გადაწყვიტეს. პროექტში ოთხი ბავშვი აჰყავდათ. ამან მოტივაცია მომცა – სარეიტინგო ჩემპიონატი მოვიგე, შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი. ორ კვირაში იყო ევროპის თასი თურქეთში და იქაც გავიმარჯვე.

– ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატამდე მოვიგე ჩეხეთის ევროპის თასი; იტალიაში მეხუთე ადგილი დავიკავე, მაგრამ მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ მეასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე. იქ ფინალი საფრანგეთის წარმომადგენელთან წავაგე. ის ასაკით ჩემზე დიდია და ყოველთვის რთულია 1-2 წლით უფროსებთან ჭიდაობა. ეს ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელთანაც გამოჩნდა. ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც დავამარცხე.

გიორგი სარდალაშვილი #ტაიმაუტი

– მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ქალაქ ოლბიაში გაიმართა. კარგი გარემო დაგვხვდა და შეჯიბრებაც მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემი მწვრთნელი მარიგებდა, მამხნევებდა და მისი სიტყვები ბრძოლის დროსაც მახსოვდა და მოტივაციას მმატებდა.

– ყველაზე დიდი მოტივატორი ჩემი ძმაა. ამა თუ იმ შეჯიბრებაზე გამგზავრების წინ ისეთ სიტყვებს მეუბნება, რომ არ გავიმარჯვო, თავს დამნაშავედ ჩავთვლი.

– ჩემი მთავარი კოზირი ქართული ძალაა, რომელიც პატარობიდან მომყვება. სუსტი მხარე – მარჯვნიდან და მარცხნიდან თანაბრად კარგად ვერ ვჭიდაობ. ცაცია ვარ.

– მსოფლიო ჩემპიონატზე დასამახსოვრებელი იყო მეოთხედფინალი ყაზახეთის წარმომადგენელთან, რომელიც კონტინენტური ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია. ძალიანაც არ ვნერვიულობდი, რადგან ორი თვის წინ მისთვის მოგებული მქონდა. ჭკვიანი მეტოქეა, იცის ჩემი სუსტი მხარე, მაგრამ დამატებით დროში მაინც დავაგდე და გავიმარჯვე.

– ნახევარფინალის შემდეგ იყო შესვენება და უკვე გათვითცნობიერებული მქონდა, რომ ვიყავი ფინალში და  არაფერი მქონდა დასაკარგი, აზერბაიჯანელი მეტოქისთვის არაფერი უნდა დამეთმო. დავურეკე ჩემს პირად მწვრთნელ ლექსო ღვინიაშვილს. მასთან საუბარმაც დიდი მოტივაცია მომცა.

– ფინალში, გდების შემდეგ რომ წამოვდექი, არც მახსოვს, რა გავაკეთე. შემდეგ იყო დაჯილდოება და საქართველოს ჰიმნი, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მთელი დარბაზი რომ დგება შენ პატივსაცემად და უსმენს საქართველოს ჰიმნს.

– სასტუმროში რომ მივედი, ჩემი ოჯახის წევრებს დავურეკე. დედაჩემის ცრემლებმა დამაფიქრა, რომ მეტი უნდა ვივარჯიშო, არ უნდა გავჩერდე.

– პროფესია არჩეული მაქვს. ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი დრო თითქმის არ მქონდა. სულ ორი თვე მოვემზადე, გავედი გამოცდებზე და ჩავაბარე წარმატებით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.

– ჩემი კერპი ჯარჯი ზვიადაურია – ილიას ილიადისი. ის 19 წლის ასაკში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ჩემი ამოცანაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრაა… მაქსიმუმს მომავალი გვიჩვენებს.

– მსოფლიო ძიუდოში ქართველები ლიდერები ვართ. ვიმედოვნებ, ჩემი ასაკის ძიუდოისტები რომ მოვხვდებით ეროვნულ ნაკრებში, ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც იყო წლევანდელი ახალგაზრდული ნაკრები.