გიორგი ქოჩორაშვილი, შესაძლოა, სხვა ესპანურ გუნდში გადავიდეს #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი, შესაძლოა, სხვა ესპანურ გუნდში გადავიდეს #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილი არჩევანის წინაშე დგას – ის ან ლა ლიგიდან გავარდნილი „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში უნდა დარჩეს ან გუნდი უნდა შეიცვალოს და ლა ლიგა 2-ის სხვა კლუბში გადავიდეს – ამის შესახებ ესპანური გამოცემა „პლაზა დეპორტოვა“ იუწყება.

საქმე ისაა, რომ გიორგი ქოჩორაშვილი და ანტონიო ლეალი სარეზერვო გუნდის წევრები არიან და მათ მთავარ „ლევანტეში“ მონაცვლეობით აწინაურებდნენ. მაგრამ წელს 23 წლის გახდნენ, რაც მათ დუბლებში თამაშის უფლებას ართმევს, ხოლო მწვრთნელს – ლავირების საშუალებას.

„ტრანსფერების ბოლო დღეებში „ლევანტეში“ ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები ისეთ მოთამაშეებზე, როგორებიც არიან გიორგი ქოჩორაშვილი და ანტონიო ლეალი. ნახევარმცველმა და მცველმა ძირითად გუნდთან ერთად წინასასეზონო სეზონი დაასრულეს და გუნდის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

კლუბს მოუწევს გაარკვიოს, დარჩებიან ისინი პირველ გუნდში თუ დააბრუნებენ RFEF-ის მესამე დივიზიონში (სარეზერვო გუნდში). თითოეული მათგანი განსხვავებულ სიტუაციაშია. გიორგის კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, დამატებით სამი სეზონის შესაძლებლობით. მან ამ ზაფხულს კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველს ორი ვარიანტი აქვს: გააგრძელოს მთავარ გუნდში ან წავიდეს იჯარით, რომ სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

ეს არის ამჟამინდელი სურათი, მაგრამ ორივეს ზღუდავს წესი – უკვე ორივე 23 წლისაა და, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი წესების მიხედვით, არ შეუძლიათ მთავარ და სარეზერვო გუნდებს შორის მონაცვლეობით თამაში“, – წერს ესპანური გამოცემა.