გიორგი ქოჩორაშვილი – სექტემბერსა და ოქტომბერში სამი თამაშია დარჩენილი, დაკარგული არაფერია #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთა ლიგის წაგებულ პირველ მატჩზე (0:1) კომენტარი გააკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა განვლილი შეხვედრა შეაფასა და დარჩენილი თამაშების წინ გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა.
„რა თქმა უნდა, წინ კიდევ სამი თამაში გველოდება და მესამე შეხვედრას ისევ ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გავმართავთ. შევეცდებით, მაქსიმალური შედეგი დავაფიქსიროთ. დღევანდელი მატჩიდან ის გამოცდილება უნდა მივიღოთ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. ყველაფერს ვიზამთ, რომ დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმი გავაკეთოთ. სამი თამაშია დარჩენილი და ჯერ არაფერია დაკარგული.
სტადიონზე ძალიან ემოციური გარემო იყო. მოედანზე გასვლისას, მეც ის პატარა ბავშვი ვიყავი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეროვნული ნაკრების თამაშებზე დადიოდა. ახლა კი თავად ვიდექი მოედანზე და ტრიბუნებიდან ბავშვები ჩვენ გვამხნევებდნენ. მინდა მათ ვუთხრა, რომ საკუთარი თავის ყოველთვის სჯეროდეთ“, – განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო მატჩს 28 სექტემბერს უკრაინასთან ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.