გიორგი ქოჩორაშვილი პირველივე ტურში „ლევანტეს“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT
„ლევანტეში“ დაბრუნებული გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის პირველივე ტურში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„პირველი ტური, „ამორებიეტა“-„ლევანტე“, მატჩის MVP-ი გიორგი ქოჩორაშვილი“, – ასეთია „ლევანტეს“ ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი „ლევანტეში“ 2019 წელს ჩაირიცხა. თავიდან სარეზერვო გუნდში თამაშობდა, 2020 წელს კი მთავარ გუნდში დააწინაურეს.
გიორგის დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში 2020 წლის 12 ივლისს ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში შედგა. ნახევარმცველი მაშინ 12-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა. 2008 წელს ასევე „ლევანტეს“ რიგებში შოთა არველაძეს ჰქონდა ლა ლიგის მატჩში მონაწილეობა მიღებული.
23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი რანგით მესამე ლიგის „კასტელიონში“ გაატარა, რადგან ტრავმების შემდეგ სათამაშო პრაქტიკა და ფორმის აღდგენა სურდა, რისი საშუალებაც „ლევანტეში“ არ ჰქონდა.
ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ დაბრუნდა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა და ლა ლიგა 2-ის პირველივე ტურში „ამორებიეტასთან“ გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგი ქოჩორაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრებში გამოძახების რეალური კანდიდატია.
ქართველ ნახევარცველს „ლევანტეში“ მორიგი შეხვედრა ხვალ ელის. გუნდი 19 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზე „ბურგოსს“ უმასპინძლებს.