გიორგი ქოჩორაშვილი - ნაკრებში მიწვევის დროც დადგება, მთავარია, არ იჩქარო #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი - ნაკრებში მიწვევის დროც დადგება, მთავარია, არ იჩქარო #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილი პირველი ქართველია, რომელიც ბოლო წლებში ევროპის ტოპ-ლიგის გუნდში ჩაირიცხა. „ლევანტეს“ 21 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ლა ლიგაში სადებიუტო მატჩებიც ჩაატარა და იმედოვნებს, რომ მალე მისთვის ეროვნული ნაკრების კარებიც გაიღება – ამის შესახებ ესპანური გუნდის ქართველმა ლეგიონერმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეროვნულ გუნდში მიწვევას ყველა ფეხბურთელი ელოდება, ვინც უცხოეთში მიდის და როცა ლა ლიგის გუნდში ხარ, ბუნებრივია, ამის იმედი გექნება. ფეხბურთი კიდევ 15-16 წელი უნდა ვითამაშო და ამის დროც დადგება. თუ ახლა სანაკრებოდ მზად არ ვიყავი, ხვალ აუცილებლად მზად ვიქნები. მთავარია, მოთმინება გქონდეს და შენს შანსს დაელოდო. ამ საქმეში სიჩქარე არაფერს მარგებს. საერთოდ, ცხოვრებაშიც და ნებსიმეირ სფეროში ასეა. მიზნის მისაღწევად თუ მიდიხარ, აუცილებლად მიაღწევ. მთავარია, ნელა იჩქარო“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიროგი ქოჩორაშვილი.

ქოჩორაშვილი ამბობს, რომ „ლევანტეს“ მთავარი მწვრთნელის, პაკო ლოპესის მადლიერია: „ბუნებრივია, სეზონმა დამაიმედა, რადგან ლა ლიგაში თამაში იოლი არაა. პაკო ლოპესმა კი 5 მატჩი ჩამატარებინა, მათ შორის, ესპანეთის თასზე, სადაც გოლიც გავიტანე. მეტი თამაშიც დამიგროვდებოდა, რომ არა ტრავმა. თუმცა, სათამაშო პრაქტიკა ნამდვილად არ მაკლდა, რადგან „ლევანტე ბ“-ში 21 მატჩი ჩავატარე. მერე ტრავმა გამიმიზეზდა და ამის გამო დრო დავკარგე, მაგრამ მთავარია, რომ სეზონის ბოლოს მოვმჯობინდი და „ბარსელონას“ წინააღმდეგაც ვითამაშე. მწვრთნელის დამოკიდებულებამ და ნდობამ კი ადაპტაცია კიდვე უფრო გამიადვილა“.

გიორგი ქოჩორაშვილის თქმით, „ლევანტეში“ გადასვლის შემდეგ მისთვის ბევრი რამ შეიცვალა: „თამაში მეორე გუნდიდან დავიწყე და ყველაზე რთული დიდ სისწრაფეებთან შეგუება იყო, მაგრამ მერე ვარჯიშებით და თამაშებით შევეგუე, უფრო გამოცდილიც გავხდი, ფიზიკურადაც მოვუმატე და სისწრაფეებშიც და უფრო გავიხსენი. სხვათა შორის, არამხოლოდ საყრდენ ნახევარმცველად მათამაშებენ, არამედ, ფლანგებზეც და თამაში შუა ხაზის ყველა პოზიციაზე შემიძლია. მთავარია, რომ ლა ლიგის გუნდში ვარ და მსურს, რომ ყოველდღიურად გავაუმჯობესო თამაში. იმედი მაქვს, რომ ახალ სეზონში „ლევანტეში“ მეტს ვითამაშებ და ძირითად შემადგენლობაში ადგილს დავიმკვიდრებ“.