გიორგი ქოჩორაშვილი - მწვრთნელის დავალებების შესრულება მნიშვნელოვანია, მათ უკეთ იციან ჩვენი შესაძლებლობები #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი - მწვრთნელის დავალებების შესრულება მნიშვნელოვანია, მათ უკეთ იციან ჩვენი შესაძლებლობები #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ოქტომბრის მატჩებისთვის თბილისში ემზადება. „ლევანტეს“ ნახევარმცველმა მოახლოებული მატჩებისთვის მზადების შესახებ ისაუბრა:

ტაილანდთან და კვიპროსთან სათამაშოდ მზადება დავიწყეთ. პირველი ვარჯიში გვქონდა და ძალიან გახარებული ვარ, რადგან ისევ მიწევს საქართველოს ნაკრების მაისურის ჩაცმა, რაც ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის. ვცდილობთ, რომ დავივიწყოთ განვლილი მატჩები, თუმცა ამავდროულად გავაანალიზოთ შეცდომები და გამოვასწოროთ.

ფეხბურთელისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციაა, როდესაც თანამემამულეები ამხნევებენ. ვფიქრობ, უნდა მოვახერხოთ როგორც ტაილანდთან, ასევე კვიპროსთან ჩვენი თამაშის ჩვენება და შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უკეთ იციან ჩვენი შესაძლებლობები. ვეცდებით, გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩში ტაილანდს დაუპირისპირდება, 15 ოქტომბერს კი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 24 ფეხბურთელია გამოძახებული. შეკრების პირველ დღეს ჩვენმა გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, საბა კვირკველია, ალექსანდრე კალანდაძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი, ლადო მამუჩაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, დავით ვოლკოვი, ბუდუ ზივზივაძე.

ნაკრები სრული შემადგენლობით 10 ოქტომბერს შეიკრიბება.