გიორგი ქოჩორაშვილი - მინდა, ესპანეთში დავრჩე, მიზანი კი საქართელოს ნაკრებში მოხვედრაა
გიორგი ქოჩორაშვილი - მინდა, ესპანეთში დავრჩე, მიზანი კი საქართელოს ნაკრებში მოხვედრაა

„მატჩამდე „ლევანტეს“ მწვრთნელი მელაპარაკა და მითხრა, რომ ვარჯიშებზე ნანახით ლა ლიგაში თამაშს ვიმსახურებდი, სათამაშოდ ნებისმიერ წამს მზად იყავიო და მატჩის ბოლოს მოედანზე შემიშვა. სეზონის დასრულებამდე კიდევ 2 მატჩი დარჩა და იმედია, კიდევ მათამაშებს. ის ჩემს შრომას აფასებს და იმედია, ასეც გაგრძელდება“ – ეს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა.

გიორგი ქოჩორაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც 12-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშა – „საბურთალოს“ აღზრდილი „ლევანტეს“ ფორმით ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ გამოჩნდა. ესპანეთის ლა ლიგაში ქართველებიდან მხოლოდ გიორგი დემეტრაძეს (2001 წელს „რეალ სოსიედადში“) და შოთა არველაძეს (2007–2008 წლებში „ლევანტეში“) უთამაშიათ. მაგრამ ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში ისე ითამაშა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა ჯერ არ მოურგია.

„ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი დიდი ემოციაა. ამ დღეს დიდი ხანი ველოდი და ძალიან ბედნიერი ვარ. როგორც ვამჩნევ, ეს ქართველ ხალხსაც ძალიან უხარია. იმედია, ამ სიხარულს მომავალშიც მივანიჭებ“ – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი.

გიორგისთვის ეს თამაში მომავლისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. მაგრამ არც იმას მალავს, რომ ჯერ მთავარ მიზნისთვსი არ მიუღწევია: „18 წლის ვიყავი, ესპანურ კლუბთან კონტრაქტი რომ გავაფორმე. მაშინ არავინ ელოდა, რომ მთავარ გუნდში მოვხვდებოდი. მაგრამ მე და ჩემმა ოჯახმა კარგად ვიცოდით, რა მიზანი გვქონდა. ოჯახის დიდი დამსახურებაა, რომ მე ლა ლიგაში დებიუტი მქონდა. მინდა, ისევ ესპანეთში დავრჩე, მიზანი კი საქართელოს ნაკრებში მოხვედრაა. ამის გამო ყველა ვარჯიშზე 100 პროცენტით ვიხარჯები – ადგილობრივზე მეტი ოფლი თუ არ დაღვარე, შანსი არაა, აქ არავინ გათამაშებს“.