გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთში გასამგზავრებლად ნებართვას ელოდება #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი ჯერ კიდევ პორტუგალიაშია და „სევილიას“ აქამდე ვერ შეუერთდა, რადგან „სპორტინგმა“ პირობები შეცვალა – ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი მაქსიმო რამირესი ავრცელებს.
„ბოლო ეტაპზე „სპორტინგმა“ რამდენიმე საკითხში ცვლილებები შეიტანა, რის გამოც ქოჩორაშვილის ესპანეთში გამგზავრება გადაიდო. მოლაპარაკებები გრძელდება, რათა ქართველმა ნახევარმცველმა დროულად შეძლოს სევილიაში გამგზავრება, სადაც მას ხუთშაბათს ელოდნენ“, – ამტკიცებს ესპანელი ჟურნალისტი.
ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი Vamos MiSevilla ადასტურებს – „მოლაპარაკებები გაჭიანურდა, „სპორტინგის“ ბოლო მოთხოვნები ქოჩორაშვილის ტრანსფერს აფერხებს“.
საფეხბურთო გვერდის, Zona Mixta-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეფერხება ტრანსფერის ჩაშლას არ ნიშნავს: „სევილია“ და „სპორტინგი“ კვლავ აწარმოებენ მოლაპარაკებებს გარიგების ზოგიერთ დეტალზე, რათა ის უახლოეს საათებში დასრულდეს. ტრანსფერის საფასური 4.5 მილიონი ევროა, პლუს ბონუსები. ქართველი სევილიაში გასამგზავრებლად და სამედიცინო შემოწმების გასავლელად ნებართვას ელოდება. „სევილიის“ მწვრთნელს, ლუის გარსია პლასას ქოჩორაშვილის დროულად დამატება სურს“.