გიორგი ქოჩორაშვილი – ჩემს ყოფილ გუნდთან შეხვედრას დიდი ემოციებით ველოდები #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საერთაშორისო თამაშების შემდეგ ესპანეთში დაბრუნდა, „სევილიასთან“ ერთად თავის ყოფილ კლუბთან, „ლევანტესთან“ მატჩისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჟურნალისტებს მოახლოებულ შეხვედრაზე ესაუბრა და სანაკრებო თემასაც შეეხო.
„ეს იყო ხანგრძლივი სანაკრებო პაუზა, ოთხი მატჩით. ამ დროს დიდხანს ხარ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც გაიზარდე. საქართველოს ნაკრებში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, ვისაც ბავშვობიდან ვიცნობ და შეკრებაზე წასვლა ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს.
ეროვნულ ნაკრებში ზედიზედ ოთხი შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ „სევილიაში“ უკვე ინტენსიურად ვვარჯიშობ. ახლა აქ ვარ და ვემზადებით მომავალი მატჩისთვის, რომელშიც მშობლიურად ქცეულ სტადიონზე ვბრუნდები. „ლევანტეს“ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს, იოლი მატჩი არ იქნება, თუმცა ჩვენც საბრძოლველად გავდივართ მოედანზე.
რაც შეეხება „სიუტატზე“ („ლევანტეს“ სტადიონი) დაბრუნებას, თავს კარგად ვგრძნობ და მოუთმენლად ველი მეგობრებთან შეხვედრას იმ კლუბში, სადაც ჩემი პროფესიული კარიერა დავიწყე. ამით ძალიან ბედნიერი ვარ და მატჩს დიდი ემოციებით ველოდები.
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესოა და წელს „ოქროს ბურთს“ იმსახურებს. მას ყველაფერში მხარს დავუჭერ და ყოველთვის დავიცავ. თქვენ თქვენი აზრი გექნებათ, მაგრამ ჩემი პოზიცია უკვე მკაფიოდ ჩამოვაყალიბე“.
ესპანეთის ლა ლიგის მერვე ტურში „ლევანტესა“ და „სევილიას“ შეხვედრა 12 ოქტომბერს, 23:00 საათზე დაიწყება.