გიორგი ქობულია - ვვარაუდობ, Vivus-ის უარის მიზეზი პორტფელის გამოსყიდვის ფასთან დაკავშირებული მოლაპარაკებაა
გიორგი ქობულია - ვვარაუდობ, Vivus-ის უარის მიზეზი პორტფელის გამოსყიდვის ფასთან დაკავშირებული მოლაპარაკებაა

ვვარაუდობ, Vivus-ის უარის მიზეზი პორტფელის გამოსყიდვის ფასთან დაკავშირებული მოლაპარაკებაა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Vivus-თან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც დავალიანების განულების პროექტში ჯერჯერობით არ მონაწილეობს.

„ჩემი აზრით, თუ რომელიმე ორგანიზაცია ამ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, არ მგონია და არ მჯერა იმის, რომ ჩვენ შეიძლება დავაძალოთ ვინმეს თანამშრომლობა. ეს არის მხოლოდ ნებაყოფლობითი და ნებაყოფლობით შეიძლება მოვიდეს ორგანიზაცია – მე მინდა, მივიღო მონაწილეობა. თუ არ უნდა, ჩვენ ამას ვერ დავაძალებთ იმ ორგანიზაციას, არ გვაქვს ამის უფლება, არც იურიდიული, არც მორალური.

შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, როდესაც ხდება პორტფელის გამოსყიდვა, ხდება მოლაპარაკება, თუ რა ფასად შეიძლება პორტფელი გამოისყიდო. იმ კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არ ვიყავი ჩართული. პრემიერ-მინისტრს მიჰყავს ეს ინიციატივა და ის გაგცემთ პასუხს. მე, პირადად, ეს ინიციატივა არ მიმყავდა და არ ვიყავი ამაში ღრმად ჩართული, მიჭირს მოგცეთ დამადასტურებელი ფაქტები და განმარტებები“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ახალი ინიციატივა, რომელიც უიმედო ვალების ჩამოწერას გულისხმობს, არ შეეხება ონლაინსესხების კომპანია Vivus-ის კლიენტებს, რადგან კომპანიამ შეთანხმებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, მიკროსაფინანსო კომპანია Vivus.ge-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია მზად არის, ვალების განულების საკითხზე მათ მიერ დასახელებული პირობების ფარგლებში მოლაპარაკება აწარმოოს.