გიორგი ქობულია - სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა ჩვენი მთავარი მიზანია
გიორგი ქობულია - სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა ჩვენი მთავარი მიზანია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითად მიზნებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, სიღარიბესთან ბრძოლა დღესდღეობით უმთავრესი ამოცანაა.

„რა თქმა უნდა, ხალხს უმძიმესად უჭირს, 20% ეს არის უზარმაზარი მაჩვენებელი, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღარიბის შემცირების ტემპები საგრძნობლად შენელდა და სიღარიბის დაძლევის ბევრად მაღალი ტემპია საჭირო.

გიორგი ქობულიას აზრით, სამუშაო ადგილების შექმნა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

„საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს არის სტატისტიკა. თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამუშაო ადგილები იქმნება – ჩვენ გვინდა, ეს მაჩვენებელი წელიწადში 60 ათასამდე ავიყვანოთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და შესაბამისად, საბაზისო პროფესიების ათვისება დღესდღეობით ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამას გარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევაზე ისაუბრა, კერძოდ: ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეფექტურობა, საქონლის ღირებულებაში ტრანსპორტირების კომპონენტის შემცირება; საკანონმდებლო ბაზის დამატებითი დახვეწა; ხარისხის სისტემების დაახლოება განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესისთვის; ინვესტორების მოზიდვა და ხელშეწყობა; სახელმწიფო ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა და სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა.

სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა, – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ ესაა ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითადი მიზნები. ამას გარდა, გიორგი ქობულიას აზრით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია ასევე ვაჭრობის საექსპორტო პოტენციალია განვითარება, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და პროდუქტიულობის ზრდა.