გიორგი ქობულია - მთავრობა გეგმავს კონკრეტულ ნაბიჯებს საერთაშორისო არბიტრაჟისა და კომერციული სასამართლოს შემოყვანის თვალსაზრისით
გიორგი ქობულია - მთავრობა გეგმავს კონკრეტულ ნაბიჯებს საერთაშორისო არბიტრაჟისა და კომერციული სასამართლოს შემოყვანის თვალსაზრისით

მთავრობა გეგმავს კონკრეტულ ნაბიჯებს საერთაშორისო არბიტრაჟისა და კომერციული სასამართლოს შემოყვანის თვალსაზრისით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრისას ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო სასამართლო რეფორმა და ის, რომ ამ მიმართულებით მეტია გასაკეთებელი.

„წინ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი სასამართლო სისტემის მუშაობა. ამასთან დაკავშირებით, როგორც იცით, მთავრობა გეგმავს კონკრეტულ ნაბიჯებს, იგივე საერთაშორისო არბიტრაჟის შემოყვანის თვალსაზრისით, კომერციული სასამართლოს შემოყვანის თვალსაზრისით. სანამ ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენი მოსამართლეების კვალიფიკაციას, ალბათ გამოვიყენებთ უცხოელ მოსამართლეებს. ეს ყველაფერი იგეგმება, ამის ტემპი არის მოსამატებელი.

აგრეთვე, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სასამართლო პროცესები ჭიანურდება და გამოითქვა სურვილი, რომ რაღაცნაირად, რესურსი გავზარდოთ, რათა დაჩქარდეს განხილვები“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.