გიორგი მიქაძე - „თელავში“ იმისთვის არ მივედი, რომ გავვარდნილიყავით #1TVSPORT
გიორგი მიქაძე - „თელავში“ იმისთვის არ მივედი, რომ გავვარდნილიყავით #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-20 ტურში საგურამოს „ლოკო – არენაზე“ გამართული მატჩი მოულოდნელი შედეგით დასრულდა – თბილისის „ლოკომოტივმა“ „თელავს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. 

„თელავმა“ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

„მე ჩემი გუნდის ყოველთვის მჯეროდა და იმისთვის არ მოვსულვარ, რომ გავვარდნილიყავით. თავიდანვე მჯეროდა, რომ შეგვეძლო გადარჩენა და სატურნირო ცხრილში ადგილის გაუმჯობესება. მიმაჩნია, რომ „ლოკომოტივთან“ თამაში სწორად დავგეგმეთ და ამან შედეგი გამოიღო. ჩვენ ვიცოდით, რომ „ლოკომოტივი“ ბურთს კარგად ფლობს და შევეცადეთ, თამაში კონტრშეტევებზე აგვეწყო. საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა და გატანა კიდევ შეგვეძლო“, – ამბობს გიორგი მიქაძე.

მატჩი „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმაც შეაფასა და შედეგს ლოგიკური უწოდა: 

„ეროვნულ ლიგაში გუნდებს აუტსაიდერებად და ფავორიტებად არ ვუყურებ, თითქმის ყველა თანაბარი ძალისაა. მთავარია, კონკრეტული თამაშისთვის ვინ როგორ მოემზადება. ჩემმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა ჟინით და თავდადებით, მაგრამ იყო სათამაშო კომპონენტები, რომელიც ჩვენ გამოგვრჩა და ამის გამო დავისაჯეთ. „თელავმა“ დამსახურებულად მოიგო. რაც ჰქონდათ დაგეგმილი, განახორციელეს და 3 ქულა აიღეს. შედეგი ყოველთვის ლოგიკურია“.