კახა ცხადაძე - ჩხეტიანს ვგულშემატკივრობ, მოკლე ხანში კარგი გუნდი დააყენა #1TVSPORT
კახა ცხადაძე - ჩხეტიანს ვგულშემატკივრობ, მოკლე ხანში კარგი გუნდი დააყენა #1TVSPORT

კახა ცხადაძემ ქუთაისში „ტორპედოსთან“ მოგებული (1:0) მატჩი შეაფასა – „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ფეხბურთელებმა მომენტების რეალიზაცია უნდა გააუმჯობესონ.

„სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო. იქიდან გამომდინარეც, რომ სამწუხაროდ, ბოლო შეხვედრა („სამგურალთან“) სახლში წავაგეთ. თამაში კარგად დავიწყეთ და მეტოქეს კარგად ვაპრესინგებდით, მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ ბოლო ფაზაში სიზუსტე გვაკლდა, თორემ გოლს მანამდეც გავიტანდით. რატომღაც, გოლის შემდეგ უკან დავიხიეთ და „ტორპედოს“ უპირატესობის მოპოვების საშუალება მივეცით. შესვენებაზე კორექტივები გავაკეთეთ და ბიჭებს ავუხსენით, როგორ გვეთამაშა. მერე მაღალი პრესინგი გამოვიყენეთ და მაგარი მომენტებიც შევქმენით, ასეთ დროს ყოველთვის საშიშია, რომ არ დაისაჯო. ამიტომ, მომენტების რეალიზაციის გაუმჯობესება გვჭირდება. მიმაჩნია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ“, – განახადა კახა ცხადაძემ.

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ქუთაისელ კოლეგაზეც ილაპარაკა: „ქუთაისის „ტორპედოში“ კახა ჩხეტიანი დაბრუნდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია და მისი ხელი გუნდს უცებ დაეტყო. „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოსთან“ ფრედ ითამაშა. მან მოკლე ხანში კარგი გუნდი დააყენა. კახას წარმატებებს ვუსურვებ, მას ძალიან ვგულშემატკივრობ, რადგან კახას სტილი ძალიან მომწონს და წარმატებებს ვუსურვებ“.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოგებით „დინამო თბილისმა“ 41 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოს“ (40 ქულა) გადაასწრო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაწინაურდა.

დატოვე კომენტარი