გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცია ტყუილებს შეიცავს
გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცია ტყუილებს შეიცავს

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ტყუილებს შეიცავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ივანე მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს კვლავ დადებითად აფასებს.

კანდელაკის თქმით, სიცრუეა, რომ 2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე განახლებული გამოძიების ფარგლებში მერაბიშვილს მიეცა წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ტყუილია ისიც, რომ კომიტეტმა მოიწონა ის ღონისძიებები, რასაც მთავრობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ატარებს.

„ტყუილია, თითქოს მინისტრთა კომიტეტმა ნორმალურად მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის აღიარებული დაზარალებულად. არადა, პირიქით, განცხადებაში შეშფოთებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის აღიარებული დაზარალებულად. ტყუილია, თითქოს მინისტრთა კომიტეტი აღარ დაუბრუნდება ამ საქმის განხილვას სექტემბერში. პირიქით, წერია და რომ 30 სექტემბერს დაუბრუნდება მინისტრთა კომიტეტი ამ საქმეს აღსრულების დისკუსიას. არასწორად არის ინტერპრეტირებული მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თითქოს მერაბიშვილის პატიმრობა ევროსასამართლომ კანონიერად მიიჩნია. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის გაგრძელება იმის დასტური იყო, რომ საქარველოს ხელისუფლებას სხვა პოლიტიკური მოტივი ჰქონდა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ასეთი საკითხების ლობირების ნაცვლად, საკუთარი რესურსები ჩვენი ქვეყნის ინტერესების ლობირებას მოახმაროს საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 5 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილა. მათივე ინფორმაციით, კომიტეტმა კვლავ მოიწონა ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ატარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

„მიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი მინისტრთა კომიტეტმა საერთოდ არ განიხილა. მინისტრმა კომიტეტმა მოიწონა, რომ: 2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე განახლებული გამოძიების ფარგლებში ივანე მერაბიშვილს მიეცა წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის ბრძანების შესაბამისად, 2019 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით – 30 დღით გახდება შესაძლებელი; ამ ბრძანების 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იმპლემენტაციის პროცესი დაიწყება 2019 წლის პირველ ივლისს და დასრულდება 2021 წლის პირველ იანვრამდე; პარლამენტმა დაამტკიცა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას სამოხელეო დანაშაულებზე“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი