გიორგი ჯინჯოლავა – დავინახეთ, რომ თამაში შეგვეძლო, 10 წუთში ორი გოლის გაშვება საწყენია #1TVSPORT
სლოვაკურ „სლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე კომენტარი „იბერიის“ კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ გააკეთა.
„პირველ რიგში, მადლობა გულშემატკივრებს, ვინც მოვიდა და გაგვამხნევა. დასანანია წაგება, მაგრამ იყო დადებითი მომენტებიც. ორ გოლს რომ გაგიუქმებენ და მომენტებს ვერ გამოიყენებ, ძნელია მერე თამაში. თუმცა შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და ბრატისლავაში ბოლომდე ვიბრძოლებთ.
თავიდან თითქოს საკუთარი თავის არ გვჯეროდა? ასეთ მატჩებამდე ნერვიულობა ბუნებრივია, მაგრამ საწყისი წუთების შემდეგ მართლა დავინახეთ, რომ თამაში შეგვეძლო. იღბალი ჩვენ მხარეს რომ ყოფილიყო, შესაძლოა, შეხვედრა უკეთესი შედეგით დაგვესრულებინა. როდესაც დომინანტურად თამაშობ, საწყენია, რომ 10 წუთში ორ გოლს უშვებ“, – ამბობს ჯინჯოლავა.
თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს სლოვაკურ „სლოვანთან“ 29 ივლისს, ბრატისლავაში გამართავს.