გიორგი ჯგერენაია – „მალმესთან“ დასაკარგი არაფერი გვაქვს, უფრო ლაღად ვითამაშებთ და მეტად შევუტევთ #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ მცველმა, გიორგი ჯგერენაიამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრამდე საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთში გუნდი უკეთესად ითამაშებს.
„პირველი მატჩის წაგება, ჩემი აზრით, იმით იყო განპირობებული, რომ „მალმე“ ჩვენზე გამოცდილი გუნდია. ასეთი დონის მეტოქესთან თამაშის გამოცდილება დაგვაკლდა. გოლები მარტივი სიტუაციებიდან გავუშვით და ამის გამოც დავთმეთ შეხვედრა.
წაგების მიზეზი იყო ისიც, რომ პირველ მატჩში მსაჯმა ორ ეპიზოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღო – ჯერ „მალმეს“ მეკარე არ გააძევა, ხოლო მეორე ტაიმში მათ კარში პენალტი არ დანიშნა. ეს ეპიზოდები, ჩემი აზრით, გადამწყვეტი იყო და შედეგზეც აისახა.
საპასუხო შეხვედრაში დასაკარგი აღარაფერი გვაქვს. ამიტომ, უფრო ლაღად ვითამაშებთ, წინ წავალთ, მეტად შევუტევთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ“, – განაცხადა გიორგი ჯგერენაიამ.
„იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს „მალმეს“ წინააღმდეგ დღეს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.