გიორგი გახარია - საპარლამენტო კონტროლი, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებზე, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძალიან გთხოვთ, ეს კონტროლი ქვეყნის და არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამოდიოდეს
გიორგი გახარია - საპარლამენტო კონტროლი, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებზე, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძალიან გთხოვთ, ეს კონტროლი ქვეყნის და არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამოდიოდეს

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლის დასკვნით ნაწილში ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნაცვლად მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვისა, დეპუტატები მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტით ინტერესდებოდნენ. გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო კონტროლს დეპუტატები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელებენ.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, ამ რეგიონში, ამ პირობებში ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მართლწესრიგზეა პასუხისმგებელი. იმის მაგივრად, რომ ჩვენ აქ გვქონდეს შინაარსობრივი დებატები – რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, ეს თქვენ არ გაინტერესებთ.

ვერცერთი დაინტერესებული მზერა ვერ დავინახე, როდესაც ვსაუბრობ ისეთ პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ანაზღაურებადი სტაჟირება, მაგალითად რეგიონში გაზრდილი ახალგაზრდობისთვის, ან კრიმინალური პოლიციის, ან საგამოძიებო კომპონენტის. მე დღეს ვთქვი, რომ ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, საგამოძიებო ნაწილში, პროკურატურის უფლებამოსილების საზედამხედველო ფუნქციის გამოძიებაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს შორის უფლებამოსილების მკაფიო გაყოფაზე.

თქვენ ახლა ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად ფუნდამენტურ ცვლილებაზე ვსაუბრობ, ეს თქვენ არ გაინტერესებთ, თუმცა მე მესმის ძალიან კარგად, მესმის, რომ ვარ პარლამენტში, მესმის, რომ მიჭირავს პოლიტიკური თანამდებობა და მესმის რომ ვარ პოლიტიკურ დებატებში.

მიმაჩნია, რომ საპარლამენტო კონტროლი, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებზე, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დემოკრატიის განვითარებისთვის. ძალიან გთხოვთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, ეს კონტროლი იყოს უფრო შინაარსობრივი, მიზანზე ორიენტირებული და რაც მთავარია ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდეს და არა ვიწრო პოლიტიკურიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.