გიორგი გახარია – ორგანიზებული ჯგუფები სისტემური შეტევით და პარლამენტზე შტურმით ცდილობდნენ პოლიტიკური რეალობის შეცვლას
ორგანიზებული ჯგუფები სისტემური შეტევით და პარლამენტზე შტურმით ცდილობდნენ პოლიტიკური რეალობის შეცვლას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მან 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ორგანიზებული ჯგუფები სისტემური შეტევით და შტურმით პარლამენტზე ცდილობდნენ პოლიტიკური რეალობის შეცვლას. პოლიტიკური რეალობის შეცვლა იყო მიზანი და ამიხსნას ვინმემ, რა მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდა ათასობით ადამიანისთვის მოწოდებას, ძალადობით პარლამენტში შეჭრაზე, თუ არ იყო ეს პოლიტიკური რეალობის შეცვლის მცდელობა.
მაშინ, როდესაც ამ შენობაში რამდენიმე კამერა იდგა ცნობილი ტელევიზიის და იყო პოლიტიკური აქტივით გადატენილი აქაურობა. მიზანი და მოწოდება იყო – გავერთიანდეთ, დავუბრუნოთ ძალაუფლება ხალხს.
მეგობრებო, ძალაუფლება ხალხს დაბრუნებული აქვს და ის თავის აზრს გამოთქვამს არჩევნებში. არჩევნებამდე დარჩა წელიწადი და რამდენიმე თვე. ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერავინ ძალის გამოყენებით პოლიტიკურ რეალობას ვერ შეცვლის. ამისთვის არსებობს არჩევნები და ესაა ამომრჩევლის გადასაწყვეტი.
ჩვენ გვჭირდება ერთადერთი რამ – სიმართლე. ესაა ჩვენი ინსტრუმენტი. ჩვენ გვჭირდება, რომ ბულინგისგან დავიცვათ კეთილსინდისიერი ბიუროკრატები – პოლიციელები, მეხანძრეები, მაშველები, სპეცრაზმელები. ვიღაც გვედავება და გვიწყობს ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციას, ის ხალხი, რომელიც ამ ოკუპაციაში რაღაც ელემენტარულ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი ძირითადი იარაღი იქნება სიმართლე.
„დღეს გვეუბნებიან, რომ ვიმყოფებით გაურკვევლობაში. არაფერ გაურკვევლობაში არ ვიმყოფებით. უბრალოდ, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ სიმართლე იქნება ჩვენი ძირითადი იარაღი. ჩვენმა ბიუროკრატიამ უნდა გაათვითცნობიეროს ერთი რამ – ჩვენ უნდა ვიყოთ პირველ რიგში ეფექტურები, სწრაფები და დისციპლინირებულები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.