გიორგი გახარია - ლარიზაცია იყო სწორი გადაწყვეტილება და ეს მიმართულება უნდა გავაგრძელოთ
გიორგი გახარია - ლარიზაცია იყო სწორი გადაწყვეტილება და ეს მიმართულება უნდა გავაგრძელოთ

ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს ფინანსური სტაბილურობა და სამუშაო ადგილების მაქსიმალური რაოდენობა, რომ ლარის მერყეობას არ ჰქონდეს ისეთი სერიოზული სოციალური ზეგავლენა, როგორიც აქვს დღეს, – განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ლარის კურსთან დაკავშირებით დეპუტატის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომ ლარიზაცია უნდა გაგრძელდეს. მისი განცხადებით, მიზანი არის, რომ ეროვნულ ბანკთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, კურსის მერყეობა არ იყოს შოკური და მოულოდნელი.

„ლარის კურსთან დაკავშირებით ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური ფაქტორი, ეს გახლავთ: ჩვენი მოქალაქეები და იურიდიული კომპანიები, რომელთაც ვალი აქვთ, სესხები აქვთ დოლარში და გაცვლითი კურსი პირდაპირი დარტყმაა მათთვის. ეს უკვე ხდება არამხოლოდ ეკონომიკური ან კომერციული – სოციალურ პრობლემებში გადადის, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ლარიზაცია.

ერთმნიშვნელოვნად, ლარიზაცია იყო სწორი გადაწყვეტილება და ეს მიმართულება უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ფასების ზრდა – აქ ჩვენ ფინანსური სტაბილურობის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის ნაწილში, ძალიან მჭიდროდ უნდა ვიმუშაოთ ეროვნულ ბანკთან ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, თუმცა, კოორდინირების ხარისხი უნდა იყოს ძალიან მაღალი. ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა გახლდეთ შემდეგი, რომ ლარის კურსის მერყეობა არ უნდა იყოს შოკური და მოულოდნელი. ის უნდა იყოს ძალიან დაბალანსებული. არ შეიძლება, რომ ასეთი მერყეობისთვის ჩვენ მზად არ ვიყოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის დიდი ნაწილი დამოკიდებულია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე, თუმცა, შიდა მდგრადობის ბევრი კარგი კომპონენტი გვაქვს.

„მარტივი გადაწყვეტილებები არსებობს, როგორც ადრე წყვეტდნენ. საგარეო ვალის ხარჯზე, ლარის კურსის დაჭრა, მარტივია. საგარეო ვალი, რეზერვები, დოლარის მიწოდება ბაზრისთვის. დოლარი შეიძლება გავხადოთ ძალიან სწრაფად და შოკურად, მაგრამ ეს არის ეკონომიკისთვის გრძელვადიანად დამანგრეველი, ამიტომ ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს სამუშაო ადგილები, დივერსიფიცირებული ეკონომიკა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფინანსური სტაბილურობა და მაქსიმალური რაოდენობა სამუშაო ადგილების, რამეთუ ლარის მერყეობას არ ჰქონდეს ისეთი სერიოზული სოციალური ზეგავლენა, როგორიც აქვს დღეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.