გიორგი გახარია - კირკიტაძემ ფიზიკური თავდასხმა მოაწყო შსს-ს ავტობუსსა და პოლიციელზე, რა თქმა უნდა, ეს უნდა დაისაჯოს
გიორგი გახარია - კირკიტაძემ ფიზიკური თავდასხმა მოაწყო შსს-ს ავტობუსსა და პოლიციელზე, რა თქმა უნდა, ეს უნდა დაისაჯოს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ პოლიციელსა და სახელმწიფო ინსტიტუტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შესაბამის სასჯელს – აღკვეთის ღონისძიებას იმსახურებს. ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი გახარიამ მის მიერ კირკიტაძის შესახებ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გაკეთებული განცხადება დააზუსტა და აღნიშნა, რომ მან განცხადება ემოციური დისკუსიის ფონზე გააკეთა.

„ეს ის მომენტი იყო, როცა დისკუსია ემოციურ ფაზაში იყო გადასული. რა თქმა უნდა, ეს სწორი სიტყვები არ იყო. ამ ღონისძიებამდე, ინაუგურაციამდე ზუსტად ერთი დღით ადრე კირკიტაძემ და არა მხოლოდ მან, პირდაპირ დააანონსეს, რომ მათი მიზანი ინაუგურაციის ჩაშლა იყო. ფაქტობრივად, მეორე დღეს სამართალდამცველებთან შეტაკება მოეწყო და მან რამდენიმე დამხმარე პირთან ერთად ფიზიკური თავდასხმა შსს-ს ავტობუსსა და პოლიციელზე მოაწყო. რა თქმა უნდა, ეს უნდა დაისაჯოს.

ვ​ინც მსგავსს ქმედებას გაიმეორებს, მნიშვნელობა არ აქვს, რა სტატუსის მატარებელი იქნება. პოლიციელზე თავდასხმა ყოველთვის უმკაცრესად იქნება დასჯადი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დღეს განაცხადა: „დათო კირკიტაძე სწორად „ჩავაგდეთ“ და კიდევ სხვებსაც „ჩავაგდებთ“, ვინც ამას დაიმსახურებს“.