გიორგი გახარია - არავის მივცემთ საშუალებას, დეზინფორმაციითა და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია
გიორგი გახარია - არავის მივცემთ საშუალებას, დეზინფორმაციითა და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია

არავის მივცემთ საშუალებას, დეზინფორმაციითა და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული და ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე აღმოჩნდება დამნაშავე. წინა არჩევნებში გადავდგით ყველა საჭირო ნაბიჯი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო შეფასებული, როგორც ძალადობისგან ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. ზუსტად ასე იქნება ახლაც. ყველა ექსცესს დეტალურად გამოიძიებენ და შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავე – მიეცემა პასუხისგებაში.

რასაც ვპირდები, იმას ყოველთვის ვუსრულებ როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენი გუნდის წევრებსაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მითხარით კონკრეტული ფაქტები და ვისაუბრებ. თუ თქვენი მიზანია, რომ კიდევ და კიდევ ვატრიალოთ ერთი და იგივე თემა არჩევნების კონტექსტში, გიპასუხებთ ცოტა უფრო კონცეპტუალურად – არავის მივცემთ საშუალებას, დეზინფორმაციითა და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ – წყნარად, მშვიდად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესი, მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება, გამოხატონ თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში, რომელსაც შსს უზრუნველყოფს“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, პოლიცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოქალაქეების აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

„რა თქმა უნდა, შევაფასებთ მდგომარეობას როგორც ზუგდიდში, ასევე მარნეულში, ზესტაფონში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დამკვირვებლებთან ერთად კონსულტაციებით გადავწყვეტთ, რა ძალებით უნდა იყოს პოლიცია წარმოდგენილი კონკრეტულ ლოკაციაზე. ეს არის ჩვენი ტექნიკური საკითხი, რომელსაც გადავწყვეტთ საკუთარ პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით. რაც შეეხება ძირითად ნაწილს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შსს და პოლიცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

პოლიცია არ იგვიანებს არსად, მერწმუნეთ ამაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დღესაც დეტალურად გავერკვევი და წერილობით მოგახსენებთ, დააგვიანა თუ არა“, – განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი დღეს ტელეკომპანია „ოდიშს“ ინტერვიუს აძლევდა, როდესაც მოქალაქეებმა სიტყვიერი,  ხოლო ტელეკომპანიის თანამაშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მტკიცებით, თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ.