გიორგი გახარია - 20 ივნისს არც ერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა და პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ჰქონდათ ამის ლეგიტიმური უფლება
გიორგი გახარია - 20 ივნისს არც ერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა და პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ჰქონდათ ამის ლეგიტიმური უფლება

არც ერთი უკანონო ბრძანება იქ არ გაცემულა და პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ჰქონდათ ამის ლეგიტიმური უფლება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რაციების ჩანაწერების შესწავლიდან ირკვევა, რომ გიორგი გახარიას 20-21 ივნისის აქციის დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია.

„ღრმად არა, მაგრამ გავეცანი ამ დასკვნას. ვერაფერი იქ ახალი ვერ ვნახე. რადენიმე ფაქტს მინდა ხაზი გავუსვა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ლეგიტიმური უფლება ძალის გამოყენების, რაც ამ დასკვნამ დაადასტურა.

პროპორციულობის ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ არის გარკვეული, ცალკე აღებული შემთხვევები ძალის, ძალაუფლების გადამეტების, მაშინ არსებობს პროკურატურა, არსებობს სასამართლო და მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე შემთხვევა სისხლის სამართლის დევნის დაწყებულია.

მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არც ერთი უკანონო ბრძანება იქ არ გაცემულა და ამასთან ერთად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება გამოიყენეს რეზინის ტყვიები, მათაც ჰქონდათ ამის გამოყენების ლეგიტიმური უფლება.

პროპორციულობის ნაწილში ჩვენ შევთანხმდით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის გამოძიების საგანი. ამიტომ, ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან და გადავარჩინეთ დიდი არეულობისგან ქალაქიც და ჩვენი ქვეყნის მომავალიც“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.