გიორგი გახარია 20 ივნისის აქციის მონაწილეთა გაფრთხილებაზე - როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, გაკეთდა რამდენიმე საჯარო განცხადება
გიორგი გახარია 20 ივნისის აქციის მონაწილეთა გაფრთხილებაზე - როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, გაკეთდა რამდენიმე საჯარო განცხადება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან 20 ივნისის შესახებ უმრავლესობის დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, მამუკა მდინარაძის ერთ-ერთი კითხვაზე, 20 ივნისის აქციის მონაწილეების გაფრთხილების შესახებ, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა რამდენიმე განცხადება მითითებით, რომ „გთხოვთ, დატოვოთ პარლამენტის წინ ტერიტორია“.

„კანონი პირდაპირ მიგვითითებს, დაცულ ობიექტებზე თავდასხმის პირობებში პოლიციას შეეძლო ყველა სახის იარაღის გამოყენება. ეს ჩვეულებრივი კანონია. შესაბამისად, როგორც შედეგი პოლიციას გვქონდა პირდაპირი ვალდებულება, სახელმწიფო ინსტიტუტი, დაცული ობიექტი დაეცვა ორგანიზებული შტურმისგან და სხვა ყველაფერი არის ფაქტების ინტერპრეტაცია. იყო გარკვეული ფაქტები უფლებამოსილების გადამეტების და ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით, თუმცა, აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო კიდევ ერთი რამ – გაფრთხილება.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ, როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა რამდენიმე განცხადება მითითებით, რომ „გთხოვთ, დატოვოთ პარლამენტის წინ ტერიტორია“. მე პირადად ეს განცხადება გავაკეთე ამ შენობაში შემოსვლის დროს, ისევე როგორც ქალაქის მერმა ოფიციალურად მიმართა მომიტინგეებს. ტექნოლოგიურად, სხვადასხვა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების დროს, მაგალითად, წყლის ჭურვის, ასეთი გაფრთხილება არსებობდა. თუმცა, გადაუდებელი მოგერიების პირობებში, არც კანონი არ გვავალდებულებდა და საშუალებაც არ იყო ასეთი გაფრთხილების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისვე თქმით, შესაბამისად, სპეკულირებაა ყველაფერი, როდესაც გაფრთხილების თემა ხდება აქტუალური.

„ისევე, როგორც სპეკულირებაა რეზინის ტყვიების გამოყენების ან მათი სახეობების ნაწილში. არც ერთი ნაკლებად ლეტალური – თუნდაც ასეთი განმარტებით, რეზინის ტყვია შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ აღჭურვილობაში არ არსებობს უბრალოდ და სხვა ყველაფერი არის ტყუილი.

მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას, რა მიზანი ჰქონდა პარლამენტში შეჭრას, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი, ეს იყო ორგანიზებული ჯგუფების მიერ ძალადობრივი მცდელობა შტურმის საშუალებით პარლამენტის შენობაში შეჭრის, მაშინ როდესაც ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ამ დროს, ღამის საათებში, როდესაც პარლამენტი არ ფუნქციონირებს, პარლამენტში უკვე იმყოფებოდა უამრავი ადამიანი, რომელსაც არანაირი კავშირი პარლამენტის მუშაობასთან არ ჰქონდა.

ამის შემდგომ, არსებობდა პირდაპირი მოწოდებები პოლიტიკური ჯგუფების და პოლიტიკური ლიდერების, რომლებიც დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ისინი ცდილობდნენ მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ კონფლიქტი და ასე შემდეგ. მე ვიცი უბრალოდ, რომ რამდენიმე თქვენგანი ამ კომუნიკაციაში იღებდა კიდევაც მონაწილეობას, როდესაც ისინი ოფიციალურად აცხადებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ამ ხალხს უკვე ვეღარ ვაკონტროლებთ, შესაბამისად პოლიტიკური შეფასების ნაწილი აქ არის ძალიან მარტივი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი