გიორგი გაბაშვილი - გიორგი გახარია 20 ივნისზე განცხადების გაკეთებამდე კარგად დაფიქრდეს
გიორგი გაბაშვილი - გიორგი გახარია 20 ივნისზე განცხადების გაკეთებამდე კარგად დაფიქრდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი გაბაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარია „20 ივნისზე განცხადების გაკეთებამდე კარგად უნდა დაფიქრდეს“. მან კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა, პოლიტიკური შეფასება ოქტომბერში იქნება, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების შეფასება და მე ამ შეფასებას დავემორჩილები“.

„ბატონ გახარიას ავიწყდება, რომ მისი მოქმედებით, მისი ბრძანებებითა და მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდებს დათხარეს თვალი, გამოიყენეს უზომოდ გადაჭარბებული ძალა, ათობით ჟურნალისტი დაშავდა, ასობით მოქალაქე დაშავდა და სისხლის გუბეები დააყენეს ცხოველებისთვის განკუთვნილი არალეტალური იარაღით. აი, ეს ავიწყდება, ეტყობა, ავიწყდება ის, რომ მას საზოგადოებაში და ახალგაზრდობაში განსაკუთრებით თვალთხარიას უწოდებენ. ასე რომ, ვიდრე რამე განცხადებას გააკეთებს 20 ივნისზე, კარგად დაფიქრდეს, ჯობია“, – აცხადებს გოკა გაბაშვილი.

ამასთან, გიორგი გაბაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ოპოზიცია, ხელისუფლების ჟინით შეპყრობილი ადამიანები, ხვდებიან – ქვეყანას აზიანებენ, მაგრამ იმხელაა ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი, რომ ამაზეც თვალს ხუჭავენ“.

„აბსოლუტურად სულელური განცხადებაა, რადგან მთელ მსოფლიოში, ყველგან, ყველა სახის ოპოზიცია არის მოწყურებული, რომ მივიდეს ძალაუფლებაში, მოვიდეს ხელისუფლებაში და სადაც ასეა, მოქმედი ხელისუფლებების არასწორი მავნებლური პოლიტიკა შეცვალონ. შესაბამისად, ოპოზიცია არჩევნების შედეგად მოვა ხელისუფლებაში. რა კონფიგურაციით და როგორ, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. იმედია, მომავალი პარლამენტი, ამაში დავეთანხმები გახარიას, იქნება უფრო კომპეტენტური, რადგან ივანიშვილის კლოუნების დასი აღარ იქნება უმრავლესობაში“, – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.