„რაინეარში“ აცხადებენ, რომ ფრენების განრიგი არ იცვლება
„რაინეარში“ აცხადებენ, რომ ფრენების განრიგი არ იცვლება

„რაინეარში“ დაგვიდასტურეს, რომ ფრენების განრიგი არ იცვლება, – წერს „ფეისბუქში“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „რაინეარის“ ფრენების განრიგში გარკვეული ცვლილებები იყო.

„მეგობრებო, ავიაკომპანია „რაინეარის“ საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო გარკვეული დროით სრულად არ ჩანდა რეისები ქუთაისიდან და თბილისიდან, თუმცა ეს პრობლემა აღმოფხვრილია და ავიაკომპანიამ დაგვიდასტურა, რომ ფრენების განრიგი არ იცვლება“, – წერს გიორგი ჩოგოვაძე „ფეისბუქში“.

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „რაინეარი“ ქართულ ავიაბაზარზე ცოტა ხნის წინ შემოვიდა. შესაბამისი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 21 აგვისტოს გაფორმდა. პირველ ეტაპზე, „რაინეარი“ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს რეისებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში ოთხი სიხშირით მილანში იფრენს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება. ამასთან, მილანის, ბოლონიისა და მარსელის გარდა, მომავალ წელს „რაინეარი“ საქართველოდან კელნშიც იფრენს.