გიორგი ჭიაბრიშვილი - ეს იყო „საბურთალოს“ სრული კრახი, რაშიც 100%-ით დამნაშავე ვარ
გიორგი ჭიაბრიშვილი - ეს იყო „საბურთალოს“ სრული კრახი, რაშიც 100%-ით დამნაშავე ვარ

საბურთალომ“ ევროპის ლიგის მესამე კვალიფიკაციის პირველ მატჩში ერევანში მოპოვებული უპირატესობა „არარტ-არმენიასთან“ ვერ შეინარჩუნა, შინ დამარცხდა და პლეიოფში ვერ გავიდა.

თამაშის შემდეგ „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

„ეს იყო სრული კრახი და ამ კრახში 100%-ით დამნაშავე მე ვარ. ბევრი მინუსი გვქონდა, ჩემმა ტაქტიკურმა მონახაზმა არ გაამართლა, მაგრამ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა რთულია. ამ თამაშამდე იდეალურ კონდიციაში ვერ მოვიყვანე გუნდი ვერც ფიზიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად, ასევე სხვა ასპექტებში. ეს არ არის ჩემი გუნდის მაქსიმუმი. ყველამ რაღაცა დავაკელით. მეორე ნომრად თამაში არ გადამიწყვეტია. უბრალოდ, თამაში არ გამოვიდა. იყო უიღბლობაც, შეცდომებიც, მაგრამ ეს მატჩი წასაგები არ იყო, სტუმრებს უკეთესი ფეხბურთელებიც არ ჰყავდათ. ეს უფრო ხასიათის პრობლემა იყო.

მსაჯობაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ევროტურნირებზე ან სხვა წესებია და ჩვენ არ ვიცით, ან რაღაც სხვა ხდება. მეათე წამზე გაფრთხილება მოგვცა, ამის შემდეგ ბოლომდე ბრძოლა ფეხბურთელსაც ეშინია და შედეგზე გავლენას სწორედ ასეთი წვრილმანები ახდენს. ისედაც ჩვენი გაგვჭირვებია და მსაჯები სანაკრებო და გნებავთ საკლუბო დონეზე კიდევ გვიმატებენ.

თუ ვინმეს ეს დაეხმარება, მე ბოდიშს ვიხდი. როგორც ჩანს, მეტი დრო და მეტი შრომა გვჭირდება. ხომ არ უნდა ავიღო სამწვრთნელო კარიერაში პაუზა? ერთი ვიცი, რომ დღეს არ ვარ ღირსი, საქართველოს ჩემპიონს სათავეში ვედგე. ორი დღე დავისვენებ, მომხდარს ფეხბურთელებთან ერთად გავაანალიზებ და თუ საკუთარ თავში ძალა ვიპოვე, რომ გუნდში მუშაობა გავაგრძელო და ისევ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო, მაშინ დავრჩები“,- განაცხადა ჭიაბრიშვილმა.