გიორგი ჭელიძე - „თელავის“ მომზადება ფორსმაჟორში მომიხდა #1TVSPORT
გიორგი ჭელიძე - „თელავის“ მომზადება ფორსმაჟორში მომიხდა #1TVSPORT

„თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ „სამტრედიასთან“ 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ ეროვნული ლიგისთვის გუნდის მზადება შეაფასა.

„მთლიანობაში გუნდით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბევრი ფეხბურთელიდან უფრო მეტს ველი. რაც მთავარია, ბიჭები მცდელობას არ აკლებენ და ყველანაირად ცდილობენ, მიცემული დავალება მოედანზე გადაიტანონ. სხვა გუნდებისგან განსხვავებით, მზადება მართლაც გვიან, 20 იანვარს დავიწყეთ, ფაქტობრივად, ფორსმაჟორში მომიხდა ყველაფრის გაკეთება და ძალიან გამიჭირდა, მაგრამ აშკარად წინ მივიწევთ და ახლა გუნდმა სახე მიიღო, რაც ძალიან მახარებს. ბიჭების იმედი მაქვს და მათი მჯერა.

ახალწვეულებს რაც შეეხება, გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ გუნდს სარგებელი მოუტანონ. მზადება გეგმის მიხედვით წარიმართა, მაგრამ კიდევ ორი კვირა რომ გვქონოდა, უკეთესი იქნებოდა. რას ვიზამთ, რეალობა ახლა რაც გვაქვს, შევეცდებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვუმატოთ. ფაქტობრივად, ფეხბურთელები გზადაგზა დავიმატეთ და მოკლე დროში რთულია შეთამაშება, ჩემპიონატიც კარს მოგვადგა, თუმცა ჩვენ ჩვენსას ვეცდებით ყველანაირად და ვნახოთ, რა გამოგვივა.

წლევანდელი სეზონზე, მთავარი მწვრთნელის რანგში ეროვნული ლიგაში დებიუტი მექნება. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის და მჯერა, რომ ერთობით ნამდვილად ძლიერები ვიქნებით. ეს ჩემთვის ნამდვილად გამოწვევაა, პირველია, ძალიან საინტერესოა და ხელმძღვანელობაც, გუნდიც და სტაფიც გვერდში მიდგას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით და თავდაუზოგავი შრომით, სასურველ შედეგს მივაღწევთ – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ყველამ უნდა ვითამაშოთ თელავისთვის და არა ჩვენი თავისთვის.

„თელავს“ ძალიან მაგარი გულშემატკივრები ჰყავს – ქომაგებს ყველაფრის რეალურად აღქმის და სწორი ანალიზის უნარი აქვთ. ცხადია, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ხალხი ჩვენი შრომით, თამაშით და შედეგებით გავახაროთ. ყველას, ერთი მიზანი გვაქვს – „თელავი“ ღირსეული და ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი იყოს.“