გიორგი ჩაკვეტაძე - ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნებაა
გიორგი ჩაკვეტაძე - ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნებაა

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ გიორგი ჩაკვეტაძე სტუმრობდა, რომელიც შემოდგომის მატჩებში საქართველოს ნაკრებს ძალიან დააკლდა.

„ეროვნული გუნდის თამაშებისას ბელგიაში ვიყავი. ძალიან განვიცდიდი, რომ გუნდთან ერთად არ ვიყავი და ვერ ვეხმარებოდი. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნებაცაა, თუმცა დასანანია, რომ ამჯერად მიზანს ვერ მივაღწიეთ.“

შეკითხვაზე, რა დააკლდა ნაკრებს ერთა ლიგის პლეი ოფში, ჩაკვეტაძემ მოკლედ უპასუხა – მაყურებელი, რომლის მოედანზე ყოფნის შემთხვევაში სულ სხვა თამაშები იქნებოდაო.

ტაიმაუტის“ წამყვანებმა მას მწვრთნელზე, ვლადიმირ ვაისზე საკუთარი აზრის გამოთქმა სთხოვეს:

„მისი დიდი მადლიერი ვარ. სწორედ ვლადიმირ ვაისმა მიმიწვია ნაკრებში პირველად და პირველი გოლიც მისი მწვრთნელობისას გავიტანე. მაშინ 18 წლისა ვიყავი. გამოცდილი მწვრთნელია, ფეხბურთელებს ძალიან კარგად იცნობდა“.

ვინ უნდა იყოს ახალი დამრიგებელი, ქართველი თუ უცხოელი? ამ შეკითხვაზე პასუხი ლაკონური იყო: „ფედერაციის გადასაწყვეტია“.

2019 წელს საქართველოს ნაკრების შედეგები მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული გიორგი ჩაკვეტაძეზე, 2020-ში კი იგივეს თქმა შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიაზე.

„ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრები ერთი კაცის გუნდია. თამაშისას არის მომენტი, რომლის დროსაც შეიძლება მატჩის ბედი ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტოს, მაგრამ თამაში უამრავი კომპონენტისგან შედგება, მნიშვნელოვანია დაცვაში მწყობრად მოქმედება, შეტევაში კარგი ურთიერთქმედება, გუნდურობის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია.“