ვლადიმერ გუცაევი გიორგი ჩაკვეტაძეს -  ბავშვი მიდის ფეხბურთში მაშინ, როცა კერპს ხედავს, მაგრამ თავისას ხედავს და არა მესის ან რონალდოს
ვლადიმერ გუცაევი გიორგი ჩაკვეტაძეს -  ბავშვი მიდის ფეხბურთში მაშინ, როცა კერპს ხედავს, მაგრამ თავისას ხედავს და არა მესის ან რონალდოს

საფეხბურთო „ტაიმაუტს“ შესანიშნავი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე სტუმრობდა, რომელსაც მასპინძლობა ვლადიმერ გუცაევმა და გიორგი თვალაბეიშვილმა გაუწიეს.

ქართული ფეხბურთის „ოქროს ეპოქის“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ გუცაევმა გიორგი ჩაკვეტაძესა და სხვა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს ემოციური სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ მათზეა დამოკიდებული, მოუნდებათ თუ არა ჩვენს ბავშვებს, საკუთარი თავი სპორტის ამ სახეობას მიუძღვნან.

ვლადიმერ გუცაევი: „სპორტსმენი ყველაფერს უნდა ებრძოდეს. როცა გამოდიხარ, ებრძვი ტრავმას, მოწინააღმდეგეს, მსაჯებს. ყოველთვის ამაზე უნდა იფიქრო, მაგრამ ცუდზე არა, არამედ იმაზე, წინ როგორ წახვიდე.

შენ ხარ დღევანდელი გულშემატკივრების, ახალგაზრდების კერპი. ჩემი და ჩემი ძმაკაცების დრო წავიდა, ისტორიაში დარჩა. ლამაზი და კარგი ისტორიაა, მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდა და დღევანდელი გულშემატკივარი შენ გიყურებს, შენს მეგობრებს უყურებს, ხვიჩა კვარაცხელიას, კვირკველიას და ამ ბიჭებს. ამიტომ, სულ ბრძოლაში უნდა იყოთ, სულ წინ უნდა იაროთ.

ბავშვები უკვე ნაკლებად მიდიან ფეხბურთში. ბავშვი მიდის ფეხბურთში მაშინ, როცა კერპს ხედავს, მაგრამ თავისას ხედავს და არა მესის ან რონალდოს. ისინი კარგები არიან, მაგრამ შენები არ არიან. შენები არიან აი, ეს ბიჭები და ამიტომ, მუდამ ფორმაში უნდა იყო“.