გიორგი ბარამიძე - ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და შესაძლოა, ძალიან რადიკალურიც, მაგრამ არაძალადობრივი, თოფის სროლა ჩვენს ქვეყანაში პუტინს უნდა
გიორგი ბარამიძე - ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და შესაძლოა, ძალიან რადიკალურიც, მაგრამ არაძალადობრივი, თოფის სროლა ჩვენს ქვეყანაში პუტინს უნდა

ხელისუფლება ასრულებს პუტინის გეგმას, რომ მოკლან სააკაშვილი და ამით მოიცილონ დიდი პრობლემა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის პუტინის რევანში“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის ამ გეგმის ნაწილი და რამდენად ჯდება ამ ინტერესში მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, ბარამიძემ აღნიშნა, რომ ეს ამ გეგმის ნაწილი არ არის, მაგრამ ხელისუფლება იძულებული გახდა, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაეყვანა.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვის, გაუტეხლობის, პატრიოტიზმისა და საქართველოსთვის ბოლომდე ბრძოლის დამსახურება და ბუნებრივია, ამ პროცესში ყველა ნორმალურმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა ბარამიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებები, რომ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე არ შეწყვეტენ და როგორ უნდა მოხერხდეს სამართლებრივად მისი გათავისუფლება, ბარამიძემ განაცხადა, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე, არამედ საქართველოს გათავისუფლებამდე პუტინისტური რეჟიმისგან, რასაც ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები სჭირდება.

„ეს ბრძოლა არ არის მარტივი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრძოლა, რა თქმა უნდა, იქნება უკომპრომისო და შესაძლოა, ძალიან რადიკალურიც, მაგრამ, როგორც აქამდე იყო, იქნება მშვიდობიანი და ხაზგასმით – არაძალადობრივი. ძალადობა და თოფის სროლა ჩვენს ქვეყანაში უნდა ვლადიმერ პუტინს; ვლადიმერ პუტინს უნდა, რომ ქართველებმა ერთმანეთს თოფი ვესროლოთ; მას უნდა, რომ საქართველო აირიოს, ქართველებმა ერთმანეთი დავხოცოთ და საქართველო 90-იანების კიდევ იქითა ქაოსში გადავარდეს. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით, მიუხედავად ძალიან მრავალი პროვოკაციისა, რომ გამოეწვიათ ოპოზიცია, ოპოზიციის ლიდერები და საზოგადოება, როდესაც მათ აყურებინებდნენ შემზარავ კადრებს, თუ როგორ ეპყრობოდა ბადრაგი პრეზიდენტ სააკაშვილს“, – განაცხადა ბარამიძემ.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა უნდა ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ის ციხეში არ უნდა იჯდეს.

შეკითხვაზე, არის თუ არა მისთვის არგუმენტი გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ბარამიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ რაკი ის გამოჩნდა, როგორც ოპონენტი, არჩევნებში მისი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ კონსტიტუცია შეცვალა.

„კი არ დაგვიჭერია, მისი ხათრით კონსტიტუცია შევცვალეთ. მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის გამო, იმისთვის, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა მიეღო და თანასწორი კონკურენცია ყოფილიყო, კონსტიტუცია შეცვალა და ისიც შევიტანეთ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს, თუ ის ევროკავშირის მოქალაქეა, შეუძლია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყოს. მას მოვარგეთ და ძალიან კი მივქარეთ, რომ ეს არასწორი რაღაც გავაკეთეთ“, – განაცხადა ბარამიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება თუ ამბობს, რომ კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილის გამო შეცვალა, ამავდროულად რატომ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტია, გიორგი ბარამიძის თქმით, ახლა გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტია და ეს მაშინ არავის ეგონა.

„მაშინ ბიძინა ივანიშვილი ძალიან დალხინებულად და მშვენივრად ცხოვრობდა საქართველოში. უფრო მეტიც, მისი რეკომენდაციით, ასევე შეცდომას რომ უშვებდა ხელისუფლება, ვიღაცამ ეს მომპარა, ის მომპარაო და ადამიანებს იჭერდნენ კიდევაც. ბიძინა ივანიშვილი შესანიშნავად ცხოვრობდა და მას არაფერი საშურისძიებო არ სჭირს, საქართველოში სასახლეებს აშენებდა და ყველაფერს აკეთებდა, რაც უნდოდა; კიდევ, გადასახადებსაც არ იხდიდა და ესეც კიდევ ჩვენი დანაშაული და მიქარვაა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და მას კოჭს ვუგორებდით“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.