გიორგი ათაბეგაშვილი - ევროპის პირველობაზე უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს #1TVSPORT
გიორგი ათაბეგაშვილი - ევროპის პირველობაზე უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს #1TVSPORT

16-დან 18 აპრილის ჩათვლით პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამწვრთნელო შტაბისა და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტურნირზე 81 კგ. წონით კატეგორიაში არც ერთი სპორტსმენი არ გვეყოლება, ხოლო სამ წონაში (90, 100, +100) ორ-ორი ძიუდოისტით გამოვალთ.

ევროპის ჩემპიონატთან და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხდა, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს და რაც შეიძლება მეტი მედლის მოპოვებას შეეცდება.

„ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მამაკაცთა შემადგენლობა კონტინენტის პირველობისთვის წყალტუბოში გადის მზადებას, ხოლო ქალთა ნაკრები გორში ვარჯიშობს. საქართველოს ნაკრების წევრები ლისაბონში 13 და 15 აპრილს ორ ჯგუფად გაემგზავრებიან. რაც შეეხება ტატო გრიგალაშვილს, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია, იგი ლისაბონის ტურნირს გამოტოვებს და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება (ბუდაპეშტი 6-13 ივნისი)“, – განაცხადა ათაბეგაშვილმა.

მისივე განცხადებით, ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გაემგზავრა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ის ცხრა მამაკაცი და ხუთი ქალი ძიუდოისტი დაასახელა, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

 

კაცები

-60 კგ – თემურ ნოზაძე

-66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი

-90 კგ – ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური

-100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე

+100 კგ – გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი

 

ქალები

-52 კგ – მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი

-57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი

-70 კგ – მარიამ ჭანტურია

+78 კგ – სოფიო სომხიშვილი