თბილისის გრანდ სლემი | ქართველების სარეკორდო ცხრა მედალი და გუნდური პირველი ადგილი [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემი | ქართველების სარეკორდო ცხრა მედალი და გუნდური პირველი ადგილი [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში დასრულებულ გრანდ სლემზე, რომელიც 26-28 მარტს მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრებმა ამ კატეგორიის ტურნირებზე სარეკორდო, ცხრა მედალი მოიპოვა.

ჩვენმა გუნდმა ვაჟთა და ქალთა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. თბილისის გრანდ სლემს სამივე საშეჯიბრო დღეს ტრიბუნებიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილთან ერთად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი ადევნებდა თვალს, რომელმაც ჩვენს დედაქალაქში ჩატარებულ ტურნირს მაღალი შეფასება მისცა.

საქართველოს ნაკრები გრანდ სლემზე 23 მამაკაცი და შვიდი ქალი ძიუდოისტით გამოვიდა, საიდანაც ცხრა სპორტსმენმა მედლების მოპოვება შეძლო. ჩვენი გუნდის ანგარიშზე ოქროს ორი, ვერცხლის სამი და ბრინჯაოს ოთხი მედალია.

 

60 კგ-ში მოასპარეზე თემურ ნოზაძემ თბილისში ბრწყინვალედ იასპარეზა, თებერვალში თელ ავივის გრანდ სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედალი ოქროდ აქცია და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანს საოლიმპიადოდ სერიოზულ კონკურენტად მოევლინა.

 

მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ფინალში პირველ ნომრად განთესილი, ბრაზილიელი ძიუდოისტი რაფაელ სილვა დაამარცხა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ამ კატეგორიის ზედიზედ მეორე ტურნირის მოგება შეძლო. გელა თებერვალში თელ ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

 

57 კგ-ში ქალთა შორის თბილისის გრანდ სლემზე ძალიან კარგად გამოვიდა ეთერ ლიპარტელიანი და იგი გახდა პირველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც ამ კატეგორიის ტურნირზე ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ეთერმა ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კანადელი კირსტა დეგუჩი დაამარცხა. ფინალური ორთაბრძოლა კი ძლიერ კოსოვოელ ნორა ჯაკოვასთან დათმო.

ლიპარტელიანი საქართველოს ქალთა ნაკრებიდან ერთადერთია, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიადის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.

 

66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც თბილისის გრანდ სლემზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ფინალამდე ძალიან მარტივად მივიდა. ნახევარფინალში მან მოლდოველი დენის ვიერუ ადვილად დაამარცხა და ყველასთვის მოულოდნელად ფინალი უზბეკ ძიუდოისტთან დათმო.

 

თბილისის გრანდ სლემზე 100 კგ-ში მოასპარეზე ილია სულამანიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში იგი კანადელ შადი ელნაჰასთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ტურნირის სხვადასხვა ეტაპზე ძალიან ძლიერ ძიუდოისტებს სძლია, მათ შორის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკას. სულამანიძემ თელ ავივის გრანდ სლემზე აღებული ბრინჯაოს მედალი ვერცხლით გააუმჯობესა.

2021 წლის დოჰას მასტერსის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი, რომელიც თბილისში პირველ ნომრად იყო განთესილი, ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მართალია ქართველი გულშემატკივარი მისგან ოქროს მედალს ელოდა, მაგრამ ახალგაზრდა ძიუდოსტის შედეგი მაინც დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს.

თბილისის გრანდ სლემზე მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა მესამე ადგილისთვის თურქი ქემალ ერდოღანი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მისი გამოსვლა ტურნირზე დადებითად ფასდება.

73 კგ-ში მოასპარეზე 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი რეპეჟაშიდან მესამე ადგილის მოსაპოვებლად გადავიდა, სადაც კოსოვოელი ძიუდოისტი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

73 კგ-ში ალეკო მამიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში რუს დენის იარცევს სძლია და ეს მისთვის გრანდ სლემებზე მოპოვებული პირველი მედალია. მესამე ადგილისთვის საბრძოლველად ისიც რეპეჟაშიდან მოხვდა.