გიგი უგულავას ადვოკატი სასამართლოსგან აეროპორტში ინციდენტის საქმეზე ვიდეოფაილების ამოღებას ითხოვს
გიგი უგულავას ადვოკატი სასამართლოსგან აეროპორტში ინციდენტის საქმეზე ვიდეოფაილების ამოღებას ითხოვს

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგი უგულავას ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა სისხლის სამართლის საქმეზე ვიდეოფაილების ამოღების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში იშუამდგომლა.

საქმე გიგი უგულავას, გოკა გაბაშვილსა და სხვა პირებს შორის თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება.

როგორც ადვოკატი ამბობს, გამოძიებას მათთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არ გადმოუცია.

„11 დეკემბრის მერე გამოძიებას ამოღებული აქვს ე.წ. ვინჩესტერი, რომელზეც დეტალურად არის ჩაწერილი იმ თავდასხმის გარემოებები, რომელსაც გიგი უგულავა აღნიშნავს. მას და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ აეროპორტში, თუმცა ამის შემდეგ გამოძიება მობრუნდა და გიგი უგულავას წაუყენეს ბრალი. 11 დეკემბრის მერე ეს მყარი დისკი გამოძიებას ამოღებული აქვს საქმეში და არ გვაძლევს საშუალებას, გავეცნოთ მასში არსებულ ინფორმაციას, გავეცნოთ იმ რეალობას, რა მოხდა 11 დეკემბერს ამ თავდასხმის დროს.

მივმართეთ სასამართლოს, რომ გამოსცეს განჩინება და მოხდეს იმ მყარ დისკზე არსებული ინფორმაციის დათვალიერება. გამოძიებამ დაცვის მხარეს უნდა გადასცეს ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომელიც მოპოვებული აქვს“, – აცხადებს გიორგი ხელხაური.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ 11 დეკემბერს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი, დაზარალებულადაა ცნობილი. საქმეზე უგულავას შეეფარდა გირაო 2 000 ლარის ოდენობით.